ბიზნესი
12/07/2023

"საქართველო პატარაა იმ რაოდენობის ხილის საწარმოებლად, რომ ევროპის ბაზრებს კონკურენცია გაუწიოს"

„საქართველო ძალიან პატარაა იმ რაოდენობის ხილის საწარმოებლად, რომ  ევროპის ბაზრებს კონკურენცია გაუწიოს. ამიტომაც, საჭიროა საერთაშორისო ბაზარს განსხვავებული პროდუქტი შევთავაზოთ," - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ „ქართული აგროპროდუქტის“ მმართველმა პარტნიორმა, სოსო მანჯავიძემ განუცხადა.

როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, ექსპორტი არ არის მარტივი პროცესი და მას გარკვეული მხარდაჭერა სჭირდება. ასეთ აქტივობაში კი USAID-ისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდამჭერი პროგრამები კომპანიებს მნიშვნელოვნად ეხმარებიან.

„ჩვენი კომპანიის ექსპორტზე გასვლას ხელი პირველ რიგში პირადმა კონტაქტებმა შეუწყო,თუმცაღა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საერთაშორისო გამოფენებზე აქტიურობა გახდა, რომელიც USAID-სა და „აწარმოე საქართველოში“-ს სრული დაფინანსების საშუალებით მოვახერხეთ.

ჩვენი ხილფაფის ნაკრები სრულიად ნატურალური, ქართული და შაქრის გარეშეა, რაც დასავლური ბაზრებისთვის ძალიან მიმზიდველია," -აცხადებს მანჯავიძე.

მისი განმარტებით, საერთაშორისო გამოფენებზე ისეთი კომპანიების წარმომადგენლები არიან წარმოდგენილი, რომლებიც ახალ პროდუქტებსა და საქართველოს მსგავს ქვეყნებს ეძებენ.

რაც შეეხება საექსპორტო წარმოებას, მანჯავიძის მტკიცებით,  საქართველოში არსებულ ასათვისებელ მიწებზე ხილისა და ბოსტნეულის ბაღების გაშენებაა საჭირო.

კითხვაზე, თუ რამდენად ღირს ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება, კომპანიის მმართველი პარტნიორი განმარტავს,  რომ მათი პროდუქცია ქართული წარმოებაა და რა თქმა უნდა,  ქართულ ბაზარზეც უნდა იყვნენ წარმოდგენილი.

ცნობისთვის, კომპანია „ქართული აგროპროდუქტი“ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. საწარმო გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს, სადაც დასალევი ხილ–ბოსტნეული ბრენდი „კეთილი და პატიოსანის“ ქვეშ მზადდება.

 

 

 

Businesspartner