"საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, გაფიცულებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ
შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხანაში საწარმოო პროცესი გაფიცვის ფონზე გრძელდება. პრობლემად რჩება გაფიცულების დამოკიდებულება იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც აგრძელებენ მუშაობას და ასევე იმ თანამშრომლების ნაწილის მიმართ, რომელიც აქციაზე არ გადის და იძულებულია დარჩეს სახლში. მათ მიმართ მუდმივად ხორციელდება მუქარა, დაშინება და შანტაჟი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ქარხნის ტერიტორიაზე გაფიცულებისა და პროფკავშირების ხელმძღვანელის გიორგი დიასამიძის მხრიდან კვლავინდებურად გრძელდება კანონსაწინააღმდეგო ქმედებები: „აკეთებენ ყვლეფერს, რომ საწარმოო პროცესი გაჩერდეს. დააზარალონ კომპანია ფინანსურად და მის იმიჯს დარტყმა მიაყენონ. მათი მხრიდან მუდმივად ადგილი აქვს პროვოკაციასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. გაფიცულები დიასამიძის მეთაურობით გზასა და ქარხნის შესასვლელებს კეტავენ, მუშებს საწარმოში არ უშვებენ, პროდუქციის გადაზიდვას აფერხებენ. მიუხედავად მათი ძალადობრივი ქმედებებისა, ქარხანა აგრძელებს მუშაობას. ამ დროისთვის საწარმოო პროცესი მიმდინარეობს, საწარმოო ხაზები მუშაობს და პროდუქციის ტრანსპორტირებას ვახერხებთ,“.
ამ ფონზე, კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და მათზე დაყრდნობით წარმოების პროცესი გრძელდება, ღია წერილით გაფიცულ კოლეგებს მიმართავენ და სთხოვენ დროულად შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ამასთან, ისინი მათ კომპანიის ადმინისტრაციასთან და მის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ.
საწარმოში დარჩენილ თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ გაფიცულთა დიდი ნაწილი აქციას შეუერთდა არა საკუთარი სურვილით, არამედ გიორგი დიასამიძის და ზოგიერთი თანამშრომელის ზეწოლის შედეგად და შედეგად პროვოკაციის მსხვერპლია. „გაფიცული თანამშრომლების დიდი ნაწილი გაფიცვას მუქარისა და დაშინების შედეგად შეუაერთდა. სწორედ, იმ 5-6 ადამიანის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რომლებიც ფაქტობრივად, უკვე დიასამიძის თანამშრომლები არიან და გასამრჯელოსაც ელიან,“ - ნათქვამია თანამშრომელთა ღია წერილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, ვინც ნებით თუ უნებლიედ, მოექცა დიასამიძის გავლენის ქვეშ, ცივილიზებულ ფორმატში განსახილველად ადმინსიტრაციასთან, მათ შორის ქარხნის დირექტორთან, წარმოების ხელმძღვანელობასთან. მოლაპარაკებას დათანხმდნენ. ხელმძღვანელობა მზად არის დეტალურად გაიარონ ყველა საკითხი.
შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ემიჯნება ყოველგვარ პროვოკაციულ ქმედებას, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და გამორიცხული არ არის წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის შელახვისგან დაცვის მიზნით მიმართოს სასამართლოს.
შეგახსენებთ, რომ შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა 13 თებერვლიდან გაფიცვა გამოაცხადა. გაფიცვას წინ უძღვოდა 21 დღიანი მედიაციის ინტენსიური პროცესი, თანამშრომლების მოთხოვნებზე საპასუხოდ კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზებები ქარხანაში დასაქმებულებმა დაიწუნეს, უფრო მეტიც, პარალელურად რამდენჯერმე შეიცვალა მათი მოთხოვნები და რადენობრივადაც გაიზარდა. მედიაციის დასრულებამდე ისინი გაფიცვის რეჟიმში გადავიდნენ.