"საირმე მინერალ ვოთერსი" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„საირმე მინერალ ვოთერსის“ ადმინისტრაციასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მონაწილეობით შედგა, თუმცა მოლაპარაკების დროს მიღწეულ შეთანხმებაზე გაფიცულებმა უარი განაცხადეს. როგორც კომპანიაში ამბობენ, საირმემ გაფიცულ თანამშრომლებს თითქმის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შესთავაზა.
"შეხვედრა გვიან ღამით დასრულდა. გაფიცვის უმოკლეს ვადაში დასრულებისა და მუშაობის პროცესის სრულად განახლების მიზნით, მოლაპარაკების ფარგლებში კომპანიამ დასაწყისშივე დაადასტურა მზადყოფნა, დაეკმაყოფილებინა გაფიცულების მიერ ადრე წამოყენებული თითქმის ყველა მოთხოვნა. გარდა ამისა, ასოციაციის მონაწილეობით, კომპანიამ შუამავლობის დროს შეთავაზებული ხელფასის 10%-იანი მატება მოლაპარაკებების დროს 22,5%-მდე გაზარდა. თუმცა, გაფიცულებმა მოულოდნელად უარი თქვეს არსებული შეთანხმებაზე. ფაქტობრივად, მათი ყველა პირობა მაქსიმალურად შევასრულეთ, მაგრამ რადიკალმა ჯგუფმა გაფიცულებს მათთვის ნამდვილად მომგებიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ მისცა და უარყვეს ჩვენი წინადადებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახლა ყველასთვის სრულიად ნათელია, რომ გაფიცვის მიზანია არა სამუშაო პირობებისა და ხელფასების გაუმჯობესება, არამედ ცალკეული მოქალაქის სრულიად განსხვავებული პირადი ინტერესები, რომლებმაც კომპანიის თანამშრომლები შეიყვანეს შეცდომაში, ჩაითრიეს აღნიშნულ მძიმე სიტუაციაში, რამაც გამოიწვია უამრავი პრობლემა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გამოიძიებენ კონკრეტულ ფაქტებს, დაადგენენ გამომწვევ მიზეზებს და დამნაშვეები დაისჯებიან!
იმის გათვალისიწინებით, რომ გაფიცულთა ორგანიზატორები არ ეთანხმებიან შეთანხმების პირობებს, ჩვენ გვრჩება გაფიცვის დასასრულებლად მხოლოდ ერთი გზა - გავაგრძელოთ მუშაობა და მივცეთ საშუალება იმ თანამშრომლებს, რომლებიც არ იყვნენ ჩართული ამ პროვოკაციაში და გააგრძელონ სამუშაო პროცესი. ამ საკითხში ძალოვან სტრუქტურებს ვთხოვთ დაგვეხმარონ, კანონსაწინააღმდეგო ფაქტებს კი სასამართლო ორგანო მიხედავს.
აღსანიშნავია, რომ ქარხანა უფრო დიდი ინტენსივობით აგრძელებს მუშაობას, მუშაობს ჩამოსასხმელი ხაზები, პროდუქცია იტვირთება და დისტრუბუციაში გადის, მიუხედავად ყველა მცდელობისა, ჩვენ ვმუშაობთ!" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.