ბიზნესი
23/02/2023

"საირმე მინერალ ვოთერსი“ გაფიცული თანამშრომლების თანხმობით მათ ხელფასებს გაასაჯაროებს

ბოლო დღეების განმავლობაში, შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცულ თანამშრომელთა წარმომადგენლების მხრიდან არაერთი არაზუსტი ინფორმაცია გაჟღერდა მათი ხელფასების ოდენობასთან დაკავშირებით. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიაჩნიათ, რომ ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის ადმინისტრაცია გამოთქვამს მზაობას, გაფიცულ დასაქმებულ პირთა თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს მხოლოდ მათი  სახელფასო ანაზღაურებების ოდენობები, რათა საზოგადოებას, მედიას და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა, გაეცნოს რეალურ და სწორ ინფორმაციას. 

გარდა ამისა, გაფიცვის დღეებში, სხვადასხვა პირის მიერ არაერთი ცრუ და ამავდროულად, ცილისმწამებლური ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც მიმართული არის კომპანიის დისკრედიტაციისაკენ. მოგახსენებთ, რომ  შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“ ემიჯნება ყოველგვარ პროვოკაციულ ქმედებას, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და მიმართავს სასამართლოს კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის შელახვისგან დაცვის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს „საირმე მინერალ ვოთერსში“ თანამშრომლის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით, ამასთან, ხელფასის ზრდა ბევრად აღემატებოდა ინფლაციის მაჩვენებელს. დღეს, კომპანიაში დასაქმებულის საშუალო ხელფასი ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალია. ამასთანავე, ყველა თანამშრომელს აქვს დაზღვევა, რომელსაც კომპანია იხდის.