საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი "ნიკოლი" მომავალ წელს ახალ საწარმოს გახსნის
საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ნიკოლი“ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მომავალი წლისთვის დაგეგმილია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში საწარმოს ამოქმედება.
მისი განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს შენობის რემონტი. ახალ საწარმოში კომპანია ახალი ხაზების მონტაჟს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც განახლდება საბავშვო თეთრეულის წარმოება. იგეგმება როგორც ნაქსოვი პროდუქციის წარმოების დაწყება, ისე საბავშვო ფეხსაცმლის.
პროექტის მთლიანი ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.
ნიკოლაიშვილის განცხადებით, ასევე იგეგმება თბილისის არსებული საწარმოს გაფართოებაც. „ამ დროისთვის წარმოება დიღმის მასივში მდებარე საწარმოდან ხდება, სადაც ფართი იჯარით გვაქვს აღებული. ამჟამად ახალი ლოკაციის მოძიების პროცესში ვართ, რათა მინიმუმ გავაორმაგოთ სიმძალვრეები და ჩვენს მოთხოვნას დავეწიოთ. ახლა ბაზარზე იმხელა მოთხოვნაა, რეალურად ვერც ვაკმაყოფილებთ,“-აცხადებს ნიკოლაიშვილი.
"ნიკოლის" დამფუძნებელი ამ დროისთვის არსებული პროექტისთვის საჭირო ინვესტიციის ოდენობას ვერ ასახელებს.
ამჟამად „ნიკოლი“ გაყიდვებს ონლაინ ახორციელებს, ასევე აქვს 3 მაღაზია, მათ შორის, 2 - თბილისში, 1 - ბათუმში. ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, წლის ბოლომდე თბილისში კიდევ ერთი მაღაზიის გახსნა იგეგმება.
საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიას პროდუქციის ექსპორტს საუდის არაბეთსა და იტალიაში ახორციელებს.