ბიზნესი
27/01/2021

საახალწლოდ ნაყიდი პროდუქციის გადაცვლას მაღაზიებში 1-ელი თებერვლიდან შეძლებთ

მთავრობის ადმინისტრაციაში სავაჭრო ქსელების და მაღაზიების მფლობელებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მენეჯმენტთან მთავარი განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ უნდა იმუშაონ ობიექტებმა პირველი თებერვლიდან ისე, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება.

„კომუნიკაცია ძალიან აქტიურია, ისინი ყოველდღიურ კომუნიკაციაში არიან შრომის ინსპექციასთან, რომელთანაც არის შეთანხმებული გახსნის პირობები. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების ოპერირების წესების შემსუბუქება“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო პროდუქციის გადაცვლა, რაც 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება.

„ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების შემსუბუქება, ისევე, როგორც გარკვეული შემსუბუქება იქნება ერთ კვადრატულ მეტრზე დაშვებულ ადამიანებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საათების გადახედვას, შაბათ-კვირის შეზღუდვას, ჩვენ ავხსენით იმ გადაწყვეტილებების ლოგიკაც, რასაც ეს შეზღუდვები ეფუძნება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც არსებობს სრული აღქმა, რომ ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით უნდა დავაკომპენსიროთ. ვეუბნებით ასევე საზოგადოებას და ბიზნესს, რომ მაშინ, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი შემცირდება კვირის განმავლობაში 4%-მდე შევძლებთ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Businesspartner