სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით "სპილოუს“ პროდუქცია ევროპის ბაზარზე იყიდება
საბავშვო ტანსაცმელის მწარმოებელი კომპანია „სპილოუს“ პროდუქცია ევროპის რამდენიმე ბაზარზე იყიდება.
კომპანიამ ამ შედეგს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით მიაღწია. "სპილოუმ" სააგენტოს ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, პარიზის და ფლორენციის საერთაშორისო გამოფენებზე დასწრება შეძლო და ღონისძიებებზე კომპანიის პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.
საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელთა რიცხვი სულ უფრო მატულობს. აღსანიშნავია, რომ ასეთი კომპანიების პროდუქცია მრავალფეროვნებით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და ადგილობრივ ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სექტორის პოტენციალიდან გამომდინარე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ქართული საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიები საკუთარი პროდუქციით სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე არიან წარმოდგენილნი.
აღნიშნულ საერთაშორისო გამოფენებზე საბავშვო ტანსაცმლის წარდგენით, „სპილოუ“-მ მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებთან და ქართული პროდუქციის ექპორტი განახორციელა ევროპის ქვეყნებში, კერძოდ საფრანგეთში, იტალიაში, ლუქსემბურგსა და გერმანიაში.
„ორი წელია, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, „სპილოუ“ მონაწილეობს საბავშვო ტანსაცმლის საერთაშორისო გამოფენებში. ბიზნესკავშირები უცხოელ შემსყიდველებთან პირველივე წასვლაზე დავამყარეთ, რის შემდეგაც ყოველწლიურად იზრდება ექსპორტის ქვეყნების რაოდენობა და შეკვეთების მოცულობა“ - განაცხადა „სპილოუ“-ს დამფუძნებელმა, სოფო ჩხაიძემ.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე B2B ტიპის გამოფენების ორგანიზებასა და საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების თანადაფინანსებას ახორციელებს, ახალ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.