რუსთავის აზოტი საწარმოო გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების მინიმუმამდე შემცირებას გეგმავს
2021 წლიდან რუსთავის აზოტმა წარმოების პროცესში გამონაბოლქვში აზოტის ქვეჟანგის შემცველობა, შესაძლოა, სრულად გააქროს. ამისთვის საწარმოს თანამედროვე ტიპის დანადგარები სჭირდება, რომლის მიღების მიზნით საგრანტო პროექტში იღებს მონაწილეობას.
„დავრეგისტრირდით გრანტის მიღების სპეციალურ პროექტში, GIZ-ში ორგანიზაციაში, რომელიც გრანტების დისტრიბუციას ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს აზოტმჟავის წარმოებაში აზოტის ქვეჟანგის გაქრობას. ამისთვის ჩვენ უკვე შევავსეთ შესაბამისი სააპლიკაციო ფორმა. მათ წარმატებით დაარეგისტრირეს ის. მომავალი წლის პირველ კვარტალში გვექნება პასუხი, შეგვარჩევენ თუ არა გრანტის მიმღებ კომპანიად.
აზოტის ქვეჟანგის მთლიანად ელიმინაციის პროექტი აზოტმჟავის წარმოებაში ახალი, თანამედროვე ტიპის რეაქტორის დამონტაჟებას და ასევე თანამედროვე, ევროსტანდარტებით დამზადებული კატალიზატორების გამოყენებას ითვალისწინებს. პროექტის ჯამური ღირებულება 4,2 მლნ ევროა. გრანტის მიღების შემთხვევაში ღირებულების 50%-ს გერმანიის სახელმწიფო დააფინანსებს, 50%-ს კი ჩვენი სახსრებით დავფარავთ.
რუსთავის აზოტის დირექტორის პირველი მოადგილე, ლევან ბურდილაძე განმარტავს, რომ საგრანტო პროექტზე დარეგისტრირებაში საწარმოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაეხმარა.
„ვნახოთ, როგორ ჩაივლის შემოწმების პროცესი. იმედი გვაქვს, გრანტის მიმღებ ორგანიზაციად შეგვარჩევენ. მინდა აღვნიშნო, რომ აზოტის ქვეჟანგის შემცველობა ჩვენს გამონაბოლქვში დადგენილ ნორმებში ჯდება, თუმცა GIZ გრანტებს პარიზის კონვენციის ხელშეკრულების ფარგლებში ანაწილებს. ეს ხელშეკრულება კი ითვალისწინებს მსოფლიოში აზოტის ქვეჟანგის სრულად ელიმინაციას“,- აღნიშნა ბურდილაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა დაამტკიცა.
საწარმოები, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამტკიცებულ ახალ გეგმას არ შეასრულებენ, 40 000-დან 80 000 ლარამდე დაჯარიმდებიან.