საზოგადოება
22/10/2020

მთავრობამ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა დაამტკიცა

მთავრობამ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა დაამტკიცა.

გეგმა მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომლისთვისაც თანხად სახელმწიფო გამოყოფს, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებებიც.

2021-2022 წლებში, სახელმწიფოს გამოყოფილი 63 მლნ ლარი ქალაქში ახალი, მწვანე ინფრასტრუქტურის შექმნას მოხმარდება. შეიქმნება ფეხით სავალი ახალი სივრცეები, გაუმჯობესდება პარკები, მოეწყობა ველობილიკები და სხვ.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ცვლილებები სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ეფექტურად მართოს სამრეწველო სამუშაოები, ემისიები, მპ10 - სა და მპ2.5-ის გაფრქვევები ჰაერში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები რუსთავში 25 მსხვილ საწარმოს შეეხება, რომელთა მოდერნიზება და გადაიარაღებაც მოხდება.

"ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით ვალდებულებები ჩნდება ბიზნესისთვის, რომ მათ აწარმოონ გაფრქვევებზე მუდმივი მონიტორინგი, ასევე იქონიონ სპეციალური მტვრის შემაკავებელი ფილტრაციის სისტემები. ასევე, თითოეულ მოქალაქეს ატმოსფერული ჰაერის დმგომარეობის შესახებ ინფორმაციაზე მუდმივი წვდომაც გაუჩნდება," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს უჩნდება ბერკეტიც, რომელიც ჰაერის დაბინძურებაში მნიშვნელოვამი გადაჭარბების შემთხვევაში საწარმოო პროცესის შეჩერების უფლებას გულისხმობს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში წლიურად 14 000 ტობამდე მტვრის გაფრქვევა ხდება, სახელმწიფოს მიზანი კი ამ რიცხვის 2 000 ტონამდე შემცირებაა.