ბიზნესი
23/10/2020

80 000 ლარამდე ჯარიმა - რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ რუსთავში საწარმოებს

საწარმოები, რომლებიც რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამტკიცებულ ახალ გეგმას არ შეასრულებენ, 40 000-დან 80 000 ლარამდე დაჯარიმდებიან.

სანქცია დაიწერება იმის მიხედვით, თუ რამდენად აჭარბებს საწარმოს მიერ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების დოზა არსებულ ნორმას. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განმარტა, ამ დრომდე ეს ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე მერყეობდა.

„დღემდე არსებული კანონმდებლობა ლიბერალური იყო. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს არ ჰქონდა ფილტრაციის სისტემა, ჯარიმა ძალიან დაბალი იყო. მისი ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე განისაზღვრებოდა, რაც ასეთი ტიპის დარღვევისთვის მინიმალურია. ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით ჯარიმების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაინერგა რანჟირების სისტემა და თუ საწარმოს მხრიდან მავნე ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევა დასაშვებ ნორმას 5-ჯერ აჭარბებს, სხვა მოცულობის ჯარიმაა, თუ 10-ჯერ - სანქცია გაცილებით მაღალია.

ჯარიმების ოდენობა 40 000-დან 80 000 ლარამდე გაიზარდა. ყოველ ჯერზე, თუკი საწარმოს დაუფიქსირდება მავნე ნივთიერების გაფრქვევის გადაჭარბება, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ შემთხვევაში დაჯარიმდება. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღსრულება იყოს ეფექტიანი. რა თქმა უნდა, ეს ყველა მსხვილ საწარმოს ეხება. ყველა იმ საწარმოს, რომელთა ფუნქციონირება გარკვეულწილად გარემოზე ზეწოლას ახდენს. ეს მოთხოვნები ყველასთვის თანაბრად შესასრულებელია“,- განაცხადა თანდილაშვილმა.

მისივე თქმით, ახალი გეგმის თანახმად, საწარმოებს თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ფილტრაციის სისტემების შეძენა-დამონტაჟება მოუწევთ.

„რამდენიმე წლის წინ რუსთავში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ. პირველ რიგში, ყველა სამრეწველო საწარმო კომპლექსურად შევამოწმეთ იმისთვის რომ გაგკვერკვია რა პრობლემები არსებობდა და როგორ უნდა გამოსწორებულიყო ეკოლოგიური მდგომარეობა. ამის შემდეგ განვათავსეთ მონიტორინგის სადგური, რომლის მეშვეობითაც ჰაერის ხარისხის მაჩვენებლებს ვაკვირდებოდით. მავნე ნივთიერებების გადაჭარბება იყო. ძირითადი დამაბინძურებელი მტვერია. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო პაკეტზე დავიწყეთ მუშაობა. მთავარი მიზანი ისაა, რომ სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებები მინიმალურად შემცირდეს. ეს იმას გულისხმობს, რომ თითოეულ საწარმოს უნდა ჰქონდეს თანამედროვე ფილტარციის სისტემა, რაც მავნე ნივთიერებების გაფრქვევისა და გარემოზე ზემოქმედების მინიმიზებას უზრუნველყოფს. თუ საწარმოებს არ ექნებათ ეს ფილტრაციის სისტემები, სახელმწიფოს აღსრულების მექანიზმები საკმაოდ მკაცრი იქნება.

კერძო სექტორს უღირს განათავსოს ეს სისტემები, ვიდრე მუდმივ რეჟიმში გადაიხადოს მაღალი საჯარიმო სანქციები. ეს ის მიდგომებია, რომელიც ევროპის ქვეყნებში წლების განმავლობაში არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, 1 წლის განმავლობაში კერძო სექტორის ჩართულობით მიმდინარეობდა. იმისთვის, რომ შევთანხმებულიყავით კონკრეტულ გონივრულ ვადებზე, რასაც კერძო სექტორი თავის თავზე აიღებს“,- აღნიშნა თანდილაშვილმა.