რუსთავის ავტობაზრობამ მუშაობა განაახლა
დღეიდან რუსთავის ავტობაზრობამ მუშაობა განაახლა. Autopapa-ს კუთვნილ ტერიტორიაზე როგორც ავტომობილის განთავსება ასევე შეძენა დისტანციურთან ერთად ადგილზე ვიზიტითაც იქნება შესაძლებელი.
ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის დაანონსების შემდეგ დილერები საქართველოში ჩამოსვლის მზადყოფნას გამოთქვამდნენ, თუმცა იმის გამო რომ ბაზრობა არ ფუნქციონირებდა გაყიდვები ამ დრომდე მხოლოდ დისტანციურად ხდებოდა.
შეგახსენებთ, მთავრობამ ეკონომიკის გახსნის დაჩქარების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. ბაზრობების გარდა დღეიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში - მუნიციპალური ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსებიც ამოქმედდება. გახსნის მომდევნო ეტაპზე 15 თებერვლიდან ამოქმედდება კვების ობიექტების, რესტორნების ღია სივრცეები. ასევე 15 თებერვლიდან გააგრძელებენ სკოლის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში.
ეკონომიკის გახსნის დაჩქარების გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო რაც ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდა.
შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. კვლავ დახურული იქნება მთის კურორტები და უმაღლესი სასწავლებლები. ასევე ძალაში რჩება კომენდანტის საათი.