ბიზნესი
23/03/2020

როგორ მუშაობს კომუნიკაციების კომისია დისტანციურ რეჟიმში

კომუნიკაციების კომისია სრულად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის.

კომისიის ცნობით, უკვე გაატარა შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებები და ონლაინ რეჟიმში სამუშაოდ მზადაა.

“ონლაინ რეჟიმზე გადასვლა შეუძლებელი იქნებოდა მაღალგანვითარებული სატელეკომუნიკაციო სისტემებისა და პლატფორმების არსებობის გარეშე, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ საქართველო ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ქვეყნების რიგებშია”, – აცხადებენ კომისიაში.

კომისიის სხდომებს, შეხვედრებსა და კონფერენციებს ონლაინ რეჟიმში ჩატარებისთვის კომისიამ ZOOM-ის – ონლაინ კონფერენციის სისტემა დანერგა.

კომისიამ მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა კომპანიას გაუგზავნა შეტყობინება და მისცა დეტალური ინსტრუქცია, როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა ონლაინ სხდომებში. გარდა სხდომაზე დასწრებისა, უზრუნველყოფილია კომისიის ვებ-გვერდსა და YOUTUBE გვერდზე სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლაცია.

ონლაინ სხდომების გარდა, კომისიამ სრულფასოვნად მუშაობისთვის მოახდინა ტექნიკური გადაიარაღება და ყველა თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად იმუშაოს, ჩაატაროს ონლაინ კონფერენციები და შეხვედრები. ასევე, ვირტუალური დაცული ქსელის – VPN კავშირის მეშვეობით, თანამშრომლებს სახლიდან გაუსვლელად ექნებათ შეუზღუდავი წვდომა კომისიის შიდა რესურსებთან, რაც შეუფერხებელ დისტანციურ მუშაობას უზრუნველყოფს.

ასევე, დისტანციურად მუშაობის პერიოდში, კომისიის ოფისის ნომრებზე დარეკვისას მოქალქე პირდაპირ დაუკავშირდება კომისიის შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელს, სისტემა ავტომატურად მოახდენს მათ გადართვას.

ამავე პერიოდში, წერილებისა და საჩივრების გამოგზავნა, როგორც მომხმარებლებს, ისე ავტორიზებულ პირებს ნებისმიერი ონლაინ პლატფორმის (ვებ-გვერდი – WWW.GNCC.GE, სოციალური ქსელი-https://www.facebook.com/gnccge/, ელექტრონული ფოსტა – post@gncc.ge) საშუალებით შეუძლიათ.

Businesspartner