როგორ მუშაობს Air Balloon Tbilisi რეგულაციების პირობებში
თბილისის საჰაერო ბუშტი Air Balloon Tbilisi მიუხედავად იმისა, რომ უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი, ქართველ მომხმარებელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა რეგულაციების გავლენა კომპანიაზეც აისახა.
„დღის განმავლობაში ძირითადად ოჯახები მოდიან ბავშვებთან ერთად, საღამოს კი წყვილები და ახალგაზრდები. რეგულაციების შემოღებამდე ღამის 3 საათამდე ვმუშაობდით. როგორც იცით, ბუშტზე 30 ადამიანი ეტევა, თუმცა პანდემიის გამო ეს რიცხვი 10–მდე შევამცირეთ,“– აცხადებს "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის მმართველი პარტნიორი მარიამ თევზაძე.
Air Balloon Tbilisi რიყეზეა განთავსებული, რომელიც მსურველებს 150 მეტრის სიმაღლიდან ძველი თბილისის დათვალიერებას სთავაზობს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფართოება და საჰაერო ბუშტის სხვა ლოკაციებზე განთავსება ჯერ არ იგეგმება.
როგორც ცნობილია, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში ღამის საათებში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, გადაადგილება შეიზღუდა. რეგულაციები უწყებათშორისმა კომისიამ ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით მიიღო.