როგორ იმუშავებს ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა
ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, შეიქმნა და ტესტირების რეჟიმში მუშაობს ახალი, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა.
პლატფორმის პრეზენტაციაზე ტექინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე პარლამენტის, აკრედიტაციის ცენტრისა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„კონსტრუქციული შეხვედრა იყო, ტექინსპექტირების ცენტრებს გავაცანით ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც შეიმუშავა ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრმა. პლატფორმის პრეზენტაციის ფარგლებში საინტერესო მიმართულებები გამოიკვეთა, დაფიქსირდა აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებული გარკვეული მოსაზრებები, რაზეც უკვე სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება მსჯელობა, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის ფარგლებშიც“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრი მოადგილემ გენადი არველაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული პროგრამის შექმნა, რადგან ეს ხელს შეუწყობს რეფორმის წარმატებით განხორციელებას და ყველა აუცილებელი ინფორმაციის ერთიან სივრცეში თავმოყრას.
„IT პლატფორმა გვაძლევს საშუალებას, რომ შევქმნათ და გვქონდეს ერთიანი ბაზა როგორც ცენტრების მიერ განხორციელებული ინსპექტირებების, ასევე პროგრამა იძლევა სხვადასხვა ანგარიშებისა და მონიტორინგის წარმოების შესაძლებლობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს რეფორმა კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ და უფრო მეტად წარმატებული გახდეს და რეალურად, უფრო მეტი აღსრულებისა და თვითმონიტორინგის მექანიზმები გვქონდეს“ - აღნიშნა არველაძემ.