ბიზნესი
22/02/2021

როგორ გავუმკლავდეთ კრიზისების სამკუთხედს - შოთა ბურჯანაძის პასუხი

რესტორატორთა ასოციაცია პრემიერობის კანდიდატს ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვების მოსახსნელად ნაბიჯების დროული გადადგმისკენ მოუწოდებს. ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში ირაკლი ღარიბაშვილს აუცილებლად სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა და ამ გადაწყვეტილებით ამ მხარდაჭერასაც მოიპოვებს.

შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ "მთავარში" განაცხადა, რომ ქვეყანა რთული სამკუთხედის წინაშეა.

„გვაქვს რთული სამკუთხედი, პოლიტიკური კრიზისი, კოვიდ კრიზისი და ეკონომიკური კრიზისი. ამ სამკუთხედის გახსნის მთავარი ამოსავალი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაა.

ახალ გუნდს აქვს შანსი მცირე და საშუალო ბიზნესს მისცეს ეკონომიკური განვითარების შანსი და მგონია, რომ არსებული შეზღუდვები უმოკლეს ვადაში შეიცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური აფეთქება გარდაუვალია", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. 

ბურჯანაძემ ზამთრის კურორტებზე შექმნილ რთულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლევანდელ სეზონზე მდგომარეობა ვეღარ გამოსწორდება, თუმცა მისი დროული და სრულფასოვანი გახსნა მნიშვნელოვანია მომავალი სეზონისთვის.

"ეკონომიკისთვის და 250 000 ადამიანისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ზამთრის კურორტების გახსნა, ამავდროულად მეორე საკითხია რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა და კომენდანტის საათის გადაწევა, რაც უფრო დროულად და ეტაპობრივად შევამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით უფრო დროულად შევძლებთ ლიკვიდაციის წინაშე მყოფ ბიზნესს სუნთქვა შევმატოთ და შესაძლებლობა აღდგენის შესაძლებლობა მივცეთ", - განმარტა შოთა ბურჯანაძემ.