ბიზნესი
21/10/2020

როდის გაიხსნება და როგორი იქნება ვაკეში პრემიუმ კლასის კომპლექსი Alliance Highline

ვაკეში პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი  Alliance Highline-ი 2022 წლის ივნისში გაიხსნება.

როგორც კომპანია „ალიანს ჯგუფის" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი თემო ბიწაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ექსკლუზიური არქიტექტურის კომპლექსი მოიცავს სამ კოშკს: პირველი 40-სართულიანია, მეორე 33-სართულიანი, მესამე კი 26-სართულიანი.

ყველაზე პატარა კოშკში საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი "ვინდემ გარდენი" (Wyndham Garden), დანარჩენ კოშკებში კი პრემიუმ კლასის აპარტამენტები განთავსდება. 

მრავალფუნქციური კომპლექსის მართვას შვეიცარიული მენეჯმენტკომპანია "სოფოს ჰოტელსი" (Sophos Hotels SA) განახორციელებს.

ბიწაძე აცხადებს, რომ კოშკი, სადაც სასტუმრო უნდა განთავსდეს დასრულებულია,  მეორეზე რკინა-ბეტონის სამუშოებია დასრულებული და მესამე კოშკზე მიმდინარეობს სამუშაოები  და ის 2-3 თვეში დასრულდება. 2021 წლის ბოლოს სრულად დასრულდება შენობების რემონტი და აღჭურვა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეიცვალა პროექტის გახსნის თარიღი რამდენჯერმე და რატომ არ გაიხსნა ის დაანონსებლ დროს, ანუ 2018 წლის ბოლოს,   თემო ბიწაძე აცხადებს, რომ კომპლექსის მშენებლობა კომპანიამ 2016 წლის ივნისში დიწყო, თუმცა, იყო რიგი ფაქტორები, რომელმაც პროექტის გაჭიანურება გამოიწვია.

„როდესაც ვთქვით, რომ დავასრულებდით 2018 წელს, მაშინ არ იყო რეგულაცია მიღებული 24 საათიანი მუშაობის აკრძალვაზე. ამან დაგეგმილი სამუშაოების დასრულება დროში გააჭიანურა, რადგან 24 საათის ნაცვლად ვმუშაობდით მაქსიმუმ 14 საათი. გარდა ამისა, თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული გვქონდა მიწისქვეშა სართულები 2-ჯერ იმაზე ნაკლები, ვიდრე ახლა გვაქვს. ამისთვის მოგვიწია კლდის მოკვეთა, საჭირო იყო სპეციალური გამაგრებითი სამუშოებიც. ამან კი დაახლოებით წელიწადნახევარი წაიღო. იმდენად მჭიდრო დასახლებაა,  რომ მოითხოვა დამატებიოთი გზის გაყვანაც, რომელიც შეთანხმებული იქნა ჩვენს მდებარე კორპუსებთან,“ - აცხადებს თემო ბიწაძე.

მისი განცხადებით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დაკორექტირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულებაც და ის  75 მილიონ დოლარიდან  80 მილიონამდე გაიზარდა. პროექტის არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა.