"რკოს" პროდუქცია ევროპის შემდეგ აზიის ქვეყნებშიც გაიყიდება
საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი „რკოს“ პროდუქცია ექსპორტზე ევროპის ბაზარზე იყიდება, ახლო მომავალში კი აზიის ქვეყნებშიც გამოჩნდება.
„რკომ“ მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირების დამყარება საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობის საფუძველზე შეძლო, გამოფენებში მონაწილეობას კი კომპანია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ახერხებს.
სააგენტოს ცნობით, პარიზის საერთაშორისოდ აღიარებულ გამოფენაზე კომპანიამ უკვე მეორედ შეძლო მონაწილეობა, „რკო“ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა და ქართული კომპანიის მიმართ ინტერესს აჩენს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში.
კომპანია უკვე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან და პროდუქცია ექსპორტზე გააქვს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, ინგლისი, დანია და გერმანია.
„უკვე მეორე წელია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით პარიზში, დიდ საბავშვო ტანსაცმლის გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას, რამაც ჩვენთვის შესაძლებელი გახადა წარმატების მიღწევა საერთაშორისო ბაზრებზე,“ - აცხადებს თაკო მეგრელიშვილი, „რკო“-ს თანადამფუძნებელი.
კომპანია ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ბაზარზეც იწყებს შესვლას და თანამშრომლობს საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელ პრესტიჟულ, ბრიტანულ კომპანიასთან.
„რკო“ 2016 წელს თაკო მეგრელიშვილმა და თამუნა და ნინო მესარიკიშვილებმა დააფუძნეს. ამჟამად, კომპანია დაახლოებით 70 ქალს ასაქმებს, რომლებსაც საშუალება აქვთ იმუშაონ სახლის პირობებში და ამ გზით მოახდინონ თვითრეალიზაცია.