რითეილერები კვლავ გახსნის მოლოდინში - გადაწყვეტილება 21 დეკემბერს გასაჯაროვდება
გაიხსნება თუ არა სავაჭრო ცენტრები 24 დეკემბერს, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 21 დეკემბერს გახდება ცნობილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და რითეილ სექტორს შორის შეხვედრა, რომელიც ტექნო პარკში მიმდინარეობდა, უკვე დასრულდა.
შეხვედრის შემდგომ, გაყიდვების კომპანია ICR Group-ის დამფუძნებლმა კახა ხაზარაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.
„სამუშაო შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლება ნათია თურნავას გავაცანით ჩვენი გეგმა და ვისაუბრეთ, თუ რა რეგულაციებით უნდა გაიხსნას სავაჭრო ცენტრები. ლოქდაუნის გამოცხადებისას მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა გართულებული ეპიდვითარის ფონზე, დღეისთვის აფასებენ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და სწორედ ამის გათვალისწინებით მოხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. გახსნაზე გადაწყვეტილებას 3 დღით ადრე, 21 შეგვატყობინებენ. მთავრობას შევთავაზეთ, რომ 20 დეკემბრიდან გაგვხსნან, მაგრამ გვითხრეს, რომ 21-შია ჩანიშნული შტაბის სხდომა, თუმცა შესაძლოა, ადრეც შეიკრიბნონ იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია დრო იყოს ცოტა მეტი, რადგან ნაკადების მართვა მაქსიმალურად სწორად შევძლოთ", - განაცხადა ICR Group-ის დამფუძნებლმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იმას, თუ როგორ შეიძლება ნაკადების გადანაწილება დღის განმავლობაში.
,,ვისაუბრეთ იმაზე, რომ კომენდანტის საათი გაიზარდოს, ეს კი შესაძლებელს გახდის, რომ ნაკადები გადანაწილდეს; ასევე ვისაუბრეთ პერსონალის ტრანსპორტირებაზეც" - განაცხადა კახა ხაზარაძემ.