ბიზნესი
18/12/2020

რითეილ სექტორი: COVID-ის გამო დაწესებულმა რეგულაციებმა სექტორი მილიარდი ლარით აზარალა

ამ წუთებში რითეილ სექტორი ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურანავას ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია, თუმცა როგორც შეხვედრის დაწყებამდე "ბიზნესპარტნიორს" სექტორის წარმომადგენლებმა განუცხადეს, პანდემიური ვითარების გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა სექტორის ზარალი ჯამში მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში, რითეილ სექტორმა მთავრობას 24 დეკემბრის ნაცვლად 15 დეკემბერს გახსნის თხოვნით მიმართა, ისინი განმარტავდნენ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა ნაკადების მართვა ამ გზით უფრო შესაძლებელი იქნებოდა.

რითეილ სექტორის წარმომადგენლების თქმით, სავაჭრო ცენტრები, ნათია თურნავას, გახსნისა და ნაკადების მართვის გეგმას გააცნობენ და შემდგომ გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

"ჩვენ პასუხისმგებლობას ავიღებთ, რომ ზედმიწევნით დავიცავთ რეკომენდაციებს და შევეცდებით ნაკადების მართვას. სწორედ ნაკადების შემცირების მიზნით ვითხოვდით 15 დეკემბრიდან გახსნას. ახლაც შევეცდებით რომ მაქსიმალურად ვმართოთ ნაკადები. რა თქმა უნდა მოვისმენთ და გავითვალისწინებთ მთავრობის რეკომენდაციებსაც“, - ამბობენ რითეილ სექტორის წარმომადგენლები.

გაიხსნებიან თუ არა სავაჭრო ცენტრები 24 დეკემბერს, ეს ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილება, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

Businesspartner