რიკოთის ხიდების მშენებლობისათვის საჭირო რკინის კონსტრუქციები ხაშურში აეწყობა
ჩინური კომპანია ხაშურში რკინის კონსტრუქციების საწარმოს ააშენებს.
საწარმო ხაშურში, ბორჯომის ქ. #2 ყოფილი ხაშურის საფეიქრო ფაბრიკის ტერიტორიაზე აშენდება.
საწარმო დაამზადებს თბილისი-სენაკი-ლესელიძის რიკოთის მონაკვეთისათვის ხიდების მშენებლობისათვის საჭირო ლითონკონსტრუქციებს. ეს ლითონკონსტერუქციები რიკოთზე ავტობანზე ხიდების მშენებლობისათვის იქნება გამოყენებული.
პროექტს ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის საქართველოს ფილიალი განახორციელებს.
აღნიშნული კომპანია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ხევი-უბისას სექციის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობაა დაგეგმილი. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.
მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია 3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი – საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.
პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია.