რესტორატორთა ასოციაცია: ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება
ფულადი დახმარების გარეშე დარჩენილი რესტორნებისთვის ასოციაცია ეკონომიკურ გუნდთან მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს. მსჯელობა იქნება როგორც რეგიონში არსებული ასევე მსხვილი რესტორნებისთვის გარკვეული დახმარების გამოყოფაზე.
„პანდემიის დაწყებიდან დღემდე იყო დახმარების რამდენიმე პაკეტი. ეს იყო საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, საბანკო პროცენტების სუბსიდირების პროგრამა და ბოლო ფულადი დახმარება. რა თქმა უნდა, ყველა რესტორანი ერთდროულად ამ სამ დახმარების პაკეტს ვერ მიიღებს. ზოგი ერთ პაკეტში ხვდება, ზოგი მეორეში, ზოგიც - მესამეში. არც ერთი რესტორანი არ იქნება, რომელიც სამივე კატეგორიაში მოხვდება. აქედან გამომდინარე ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში სახელმწიფოსთან მოლაპარაკების საფუძველზე ამას მივაღწიეთ. ეს არის ის მაქსიმუმი რაც ბიუჯეტში შეიძლება მთავრობამ გაითვალისწინოს. რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა ყველა რესტორანს დავხმარებოდით არა 5 000 არამედ 50 000 ლარით, თუმცა ყველამ ვიცით რომ ამის რესურსი არ გაგვაჩნია. ამის მიუხედავად ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ის ვინც დიდია თუმცა პრობლემების წინაშეა მათზეც მოხდეს დახმარება,“ - ამბობს „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.
მცირე და საშუალო რესტორნებისთვის ფულადი რესურსების გამოყოფის შემდეგ დახმარებას ამჯერად მსხვილი რესტორნები ითხოვენ.
„ძალიან სწორია ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. რესტორნებს დახმარება ნამდვილად სჭირდებათ, თუმცა არ დაეხმარო მსხვილებს იმის გამო რომ შესაძლოა ისინი შესაძლოა მეტ ფინანსებს ფლობენ არასწორია. დიდ რესტორნებსაც ძალიან უჭირთ. სექტემბერში გავიხსენით გავწიეეთ ხარჯი, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. ახლაც ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს გვჭირდება ერთჯერადი რესურსი რომ ყველა გახსნისთვის საჭირო ხარჯი გავწიოთ. ეს თუნდაც 10 000 ლარი კარგი ბიძგი იქნებოდა გახსნისთვის,“ - განმარტავს „ბაბილო ჯგუფის“ მმართველი მენეჯერი ლალი კაკალაშვილი.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც, ანტიკრიზისული გეგმისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის. ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 000 ლარით. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს.