ბიზნესი
16/09/2020

რეგულაციებმა ქართული წარმოება იმპორტთან არათანაბარ პირობებში ჩააყენა - ტიფლისტექსი

წინდების მწარმოებელი კომპანია "ტიფლის ტექსტილი", რომელიც პროდუქციას „ტიფლისტექსის“ ბრენდით აწარმოებს,  „ბიზნესპარტნიორთან“ ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებული პროდუქციის არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე და არჯანსაღ კონკურენციაზე საუბრობს.

მათი ინფორმაციით, საქართველოში არსებული ყველა ქარხანა ნელ-ნელა იწყებს მთავრობის იმ დადგენილებებისა და რეგულაციების განხორცილებას, რაც სრულ ჰარმონიზაციაშია ევროპულ სტანდარტებთან და რომლის შესრულების ვალდებულებაც საქართველოს მხარეს ევროგაერთაინებასთან თამაშრომლობის ფარგლებში გააჩნია.

„ეს გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების დანერგვას, მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას, სახანძრო უსაფრთხოების სისტემისა და მშრომელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების პროგრამებსა და უსაფრთხოების სხვა ნორმებს, რაც საბოლოოდ კომპანიას აქცევს ეკომეგობრულ, შშმ პირთათვის ადაპტირებულ და ევროსტანდარტების მქონე საწარმოებად,“ - აცხადებენ კომპანია  "ტიფლის ტექსტილში“ .

მათივე განმარტებით, აღნიშნული ქმედებები აუცილებელი და საჭიროა იმისათვის, რომ დასაქმებულები მუშაობდნენ სათანადო პირობებში და ეს ქმედითი ღონისძიებები აისახოს პროდუქტის ხარისხზე.

„ცხადია, რომ ამ ყველაფრის უზრუნველყოფა მწარმოებელს უზრდის საბოლოო პროდუქტის თვითღირებულებას. ქვეყანაში არსებული რეგულაციები ადგილობრივ მწარმოებლებს ავალდებულებს ზემოთქმული სტანდარტების დაცვას მაშინ, როცა მესამე ქვეყნებიდან იმპორტით შემოსული პროდუქცია არ არის წარმოებული იმავე სტანდარტების და რეგულაციების დაცვით, რა სტანდარტებითაც ადგილობრივი ქართული ნაწარმი.

შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქტის თვითღირებულება ნაკლებია და კონკურენცია გარკვეულწილად არათანაბარი,“ - აცხადებენ ,,ტიფლის ტექსტილში“  და იმედოვნებენ, რომ არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობა უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს ადგილობრივ წარმოებებს და ქვეყანაში შექმნის ისეთ ბიზნესგარემოს, რაც იმპორტიორებს და ადგილობრივ წარმოებებს ჩააყენებს თანაბარ მდგომარეობაში, რათა კონკურენცია იყოს ჯანსაღი და სამართლიანი.

კომპანია „ტიფლის ტექსტილში“ წარმოებული წინდების უმრავლესობა გადის ექსპორტზე გერმანიაში, ავსტრიაში, საბერძნეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია ფლობს OEKO-TEX-ის სერტიფიკატს, რაც საშუალებას იძლევა აქტიურად ითანამშრომლოს ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის მიმართულებით.  

კომპანია ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე ადგილასაა წარმოდგენილი. მათ შორის,  ოთხ ლოკაციაზე. ესენია თბილისი მოლი, სითი მოლი (საბურთალოზე და გლდანში) და თბილისი ცენტრალი).

„ასევე შეგვაქვს პროდუქცია კარფურში, გუდვილში, აგროჰაბში, ქალთა ბედნიერებაში.   კომპანია თანამშრომლობს ქართულ ბაზარზე არსებულ ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა ალტერსოქსი, ნაირ Nairi, Mc’Donalds, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, Wolt, Reckless, ბაბალეს წინდა, Rosebud, უშბა, Shavdia, მორთული და სხვა,“ - აცხადებენ  „ტიფლის ტექსტილში“.

„ტიფლის ტექსტილში“ წარმოებული წინდები გათვლილია სხვადასხვა სეგმენტზე და ყველა საფასო კატეგორიის წინდა მზადდება ეკოლოგიურად სუფთა  ნედლეულისაგან.

საწარმო 2018 წელს დაფუძნდა და აღჭურვილია იტალიური ბრენდის LONATI-ის მანქანებით.

პროექტი „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელდა.  ქარხნის მშენებლობაში დაახლოებით 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

კომპანიაში დასაქმებულია 60 ადამიანი. ქარხნის წარმადობა სრული დატვირთვით წლის მანძილზე დაახლოებით 3 მილიონ წყვილ წინდას შეადგენს.