ბიზნესი
21/10/2020

რეგულაციების აღლუმი - რა პრობლემების წინაშეა ბიზნესი

"საჭიროა, რეგულაციები საქართველოში ცოტა ხნით გავაჩეროთ,“ - განაცხადა "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული".

მისივე თქმით, ბოლო 2 წლის  განმავლობაში, ქვეყანაში "რეგულაციების აღლუმია",  კორონავირუსის გამო, ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ ბიზნესს, რეგულაციები დამატებითი სირთულეების წინაშე აყენებს.

"2019 წლის შემოდგომაზე, ბიზნეს ასოციაციას გვქონდა ინიციატივა, გამოცხადებულიყო მორატორიუმი და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში ახალი რეგულაციები არ ამოქმედებულიყო, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს DCFTA, რომლის  მიხედვითაც 40-მდე დირექტივა გვაქვს გადმოსატანი ადგილობრივ კანონმდებლობაში.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანდემიის გამო სრულიად  სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით და ეს ვითარება შეგვიძლია ერთგვრ "შესაძლებლობად’’ ვაქციოთ, რეგულაციების შერბილების კუთხით. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში გვაქვს. ასეც უნდა იყოს, თუმცა ეს დამატებით  ხარჯებთან არის  დაკავშირებული; შრომის უსაფრთხოება - ასევე ევროპული გვაქვს; ქსელთან მიერთების წესებიც ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია... თუმცა ტარიფები ქართული  გვაქვს. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუკი ბიზნესს ერთი და იგივე ტვირთი აქვს რეგულაციური თვალსაზრისით, ასეთ დროს ბიზნესი ქართულ ბაზარს აირჩევს, თუ ევროპულს? - რა თქმა უნდა, ბიზნესი ევროკავშირში წავა, რადგან იქ ფული იაფია, ჩვენთან კი 7-ჯერ ძვირია.  ევროპაში უკუგება მაღალია, ბიზნესისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, საჭიროა, რეგულაციები საქართველოში ცოტა ხნით გავაჩეროთ, მით უფრო ახლა ეს ორმაგად აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას,’’-  განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

Businesspartner