ბიზნესი
16/01/2023

რეფერენტული ფასების შემდეგ ფარმაცევტულ ბაზარს ახალი რეგულაციები ელოდება

ფარმაცევტული კომპანიებისთვის ახალი რეგულაციების შემოღება იგეგმება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თუმცა რა სახის დამატებით რეგულაციებზეა საუბარი, არ დაუზუსტებია.

მან ასევე ისაუბრა იმ დამოკიდებულებებზე, რომელიც ფარმაცევტულ ბიზნესს რეფერენტული ფასის ამოქმედებასთან დაკავშირებით აქვს. 

„მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, წლების წინ ყველანაირი რეგულაცია ამ კუთხით როგორც ფარმაცევტულ ისე ჰოსპიტალურ ნაწილში გაუქმებული იყო და ახლა გვიწევს რეგულაციების შემოტანა. რასაკვირველია, ამდენი წლის განმავლობაში, როცა ბიზნესს არ ჰქონდა რეგულაციები, გაცილებით მარტივი იყო მათთვის ოპერირება, თუმცა ეს არაა იმის გარანტი და წინაპირობა, რა პირობაც ჩვენი მოსახლეობის მიმართ გვაქვს. მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და სწორ ფასებს ამ დერეგულაციით ვერ მივაღწევდით და აქედან გამომდინარე საჭირო იყო ამ რეგულაციის შემოღება და  კიდევ რამდენიმე რეგულაცია გვაქვს, რომლებიც ეტაპობრივად შემოვა.

დამოკიდებულება, რასაც ღიად გამოხატავენ, არის ის, რომ აუცილებელი და მისაღებია ეს ცვლილებები, მაგრამ არის სხვადახვა საკითხი, რტც ასევე კანონში ჩაიწერა –  ბაზების გახსნის ვალდებულებასთან,  სხვადასხვა ჯარიმებთან და სანქცირების მექანიზმებთან დაკავშირებით, რაზეც ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესაა აუცილებელი მექანიზმები, რომ ამ კანონმა და ცვლილებებმა იმუშაოს და მიზანს, რაცაა მოსახლეობისთვის გაიაფებული და ხელმისაწვდომი მედიკამენტები, მივაღწიოთ,“- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ.

მათივე ცნობით, ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს. თუკი სექტორი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა, ფასი დაკორექტირდეს.

მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.

ცვლილება ქვეყანაში მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად.

jandacva.ge