რაც მოხდა, ცუდი პრეცედენტია - ივა ჭყონია "საქართველოს ბანკის" ფილიალის ძარცვაზე
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია „საქართველოს ბანკის“ ფილიალის ძარცვასთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის, რაც მოხდა, ცუდი პრეცედენტია, რომელიც საბოლოო ჯამში ნებისმიერ ბიზნესზე ნეგატიურად აისახება, მით უმეტეს ბიზნესზე, რომელსაც შეხება აქვს ფულთან და თანხების ინკსაცია უწევს.
როგორც ჭყონია აცხადებს, ეს საქმე თუ ბოლომდე არ იქნება გამოძიებული, კიდევ უფრო მეტი ნეგატივი იქნება.
„ეს ყველაფერი დღევანდელი ყოფიდან, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეა. რეალურად, თუ ამ სიტუაციას არ მიეხედა დროულად და ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, კიდევ უფრო მძიმე ვითარება გველოდება. კორონავირუსის მეორე ტალღას რასაც ეძახიან გაცილებით უფრო მძიმე იქნება, როგორც ბიზნესისთვის, ისე მოსახლეობისთვის, რადგან აქამდე კიდევ არსებობდა რესურსი როგორც ბიზნესში, ისე ხალხში - ახლა კი ბოლომდე ამოიწურა. მაშინ მთავრობასაც და ჩვენც, სხვა მოლოდინი გვქონდა, გვეგონა, ივნის-ივლისში რაღაც გაიხსნებოდა, თუმცა ავცდით რეალობას. ზაფხულის პერიოდში კი ვისაც რა დანაზოგი ჰქონდა დახარჯა. საბოლოოდ, მივდივართ გაცილებით დიდ პრობლემასთან - ეკონომიკურ სიდუხჭრესთან.
ლარის კურსიდან გამომდინარე, მის გაუფასურებას პროდუქტების გაძვირება მოჰყვა, შესაბამისად, ადამიანებს სამომხმარებლო კალათა გაუძვირდათ. ზოგადად, მძიმე ვითარებაა,“ - აცხადებს ივა ჭყონია.
"საქართველოს ბანკი" გუშინ მძარცველების სამიზნე გახდა. ბანკის ზუგდიდის ფილიალში თავდამსხმელი შევიდა, რომელმაც მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა.
რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას 0,5 მლნ დოლარი გადასცეს.
ზუგდიდში მომხდარ ფაქტს დღეს გამოეხმაურა პრემიერიც, გიორგი გახარიამ განცხადა, რომ გუშინ შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა და ეს პირველი ამოცანა იყო.
„რა თქმა უნდა, შსს-ს უმთავრესი ამოცანა აქვს, რომ ეს ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. ეს არის ძირითადი ამოცანა. ყველა კანონიერი ინსტრუმენტი ამ მიზნის მისაღწევად უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების შემდგომ აღქმაში გაჩენა. ესაა ძირითადი ამოცანა“,- აღნიშნა გახარიამ.