რატომ ვერ იყიდება რიყის დოქები და რას გეგმავს მთავრობა - ეკონომიკის მინისტრის განმარტება
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს აშენებულ ობიექტებზე არარეალურად მაღალი, ე.წ. გაბერილი თანხებია დახარჯული. კანონმდებლობით კი, მთავრობა ამ ობიექტების გაყიდვისას ვალდებულია, საწყისი ღირებულება იმ საბალანსო ღირებულებიდან დაიწყოს, რაც თავის დროზე დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
“მაგრამ, ვხედავთ, აუქციონების შედეგად, იგივე რიყის დოქები და რამდენიმე სხვა ობიექტი რჩება გაუსხვისებელი. აქედან ჩანს, რომ ის თანხები, რაც თავის დროზე დაიხარჯა, საბაზრო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს თანხა არარეალურია და მას გადავხედავთ. სხვათაშორის ეს ნაბიჯი უკვე გადავდგით მთელ რიგ ობიექტებთან დაკავშირებით და არ გამოჩნდა დაინტერესებული პირი. ჩვენ მივდივართ დისკონტირების გზით და იგივე გეგმა გვაქვს რიყის დოქებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, აუცილებლად მოხდება რიყის დოქებისთვის ფუნქციის მინიჭება და სწორი საბაზრო ღირებულების პოვნა.
შეგახსენებთ, რიყის დოქები აუქციონზე სამჯერ იყო გამოტანილი, თუმცა ვერ გაიყიდა.