რატომ გაძვირდა პური 2018 წელს - კონკურენციის სააგენტოს დასკვნა
2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ, დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, - ასეთია კონკურენციის სააგენტოს ბაზრის მონიტორინგის შედეგი.
მონიტორინგის მიზანი პურის ფასის ზრდის კონკრეტული ფაქტის კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობის შესწავლა იყო. აქცენტი გაკეთდა ფქვილის და ხორბლის ბაზრებზე, როგორც პურის ფასის ცვლილებაზე ზეგამვლენ ბაზრებზე.
სააგენტოს ცნობით, 2015-2018 წლებში გაზრდილია ბაზრის იმპორტის სტრუქტურა: 2015 წელს 535 263 ტონა ხორბლის იმპორტი 49 ეკონომიკურმა აგენტმა, 2018 წელს კი 115-მა ეკონომიკურმა აგენტმა 573 885 ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა. 2015 წელს ბაზრის 4 უმსხვილესი იმპორტიორის ჯამური წილი 58% იყო, 2018 წელს კი მათი ჯამური წილი 35%–მდეა. ადგილობრივი ხორბლის წარმოების მოცულობა 125.6 ათასი ტონიდან 106 ათას ტონამდეა შემცირებული.
ხორბლის ბაზრის იმპორტის დონის სტრუქტურის ცვლილების ძირითად მიზეზი 2017-2018 წლებში საავტომობილო გზით ხორბლის იმპორტის გააქტიურება აღმოჩნდა. 2015 წელს საზღვაო გზით იმპორტირებული ხორბლის წილი საერთო იმპორტში 93%–ის ფარგლებში იყო, 2018 წელს კი მისი წილი 19%–მდეა შემცირებული. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საავტომობილო გზით იმპორტირებულ ხორბალს კრიტიკულად უარყოფითი გავლენა წისქვილკომბინატების ხორბლის მარაგებზე, პრაქტიკულად, არ გააჩნდა.
ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ წისქვილკომბინატებს, შესასწავლ პერიოდში, გააჩნდათ საკუთრი წარმოების საშუალოდ ერთი თვის მარაგი. შესაბამისად, 2018 წელს, ხორბლის ახალი მოსავლის პირობებში, რომელიც 2017 წელთან შედარებით გამოირჩეოდა მაღალი თვითღირებულებით, წისქვილკომბინატების ხორბლის მცირე მარაგები არ იძლეოდა ფქვილის ფასის - განსახილველ შემთხვევაში პურის წარმოებაში გამოსაყენებელი პირველი ხარისხის ფქვილის ფასის გრძელვადიანი/სტაბილური შენარჩუნების შესაძლებლობას.
"დეტალურად გაანალიზდა პურის ფასწარმოქმნა და დადგინდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ/დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის ფასი 2018 წლის 10 დეკემბრის შემდეგ პერიოდში რამდენჯერმე დაკორექტირდა ზრდის მიმართულებით, პურის ფასი არ შეცვლილა", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში.
ფოტო: ilovecooking.ie