რატომ არ უქმდება კომენდანტის საათი - თამარ გაბუნიას პასუხი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საღამოს საათებში შეზღუდვა ეფექტური გამოდგა მობილობის კონტროლისთვის.
შესაბამისად, მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით დღევანდელი გადაწყვეტილების ფონზე, ე.წ. კომენდანტის საათის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
„ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა ძალიან ეფექტური გამოდგა მობილობის კონტროლისთვის. როდესაც ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ამდენი შეზღუდვის შემსუბუქების თაობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ეტაპობრიობა, რომელსაც ამდენი ხანი მივყვებოდით და მხოლოდ გარკვეული ანალიზის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება დამატებით შეზღუდვებზე“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
კითხვაზე, როდის შეიძლება იფიქროს მთავრობამ კომენდანტის საათის მოხსნაზე გაბუნია პასუხობს:
„დღევანდელი ეპიდმიეოლოგიური მდგომარეობა, გარკვეულწილად სტაბილური, მისაღებია, თუმცა არ არის ეს იდეალური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვინდა რომ გვქონდეს. უკეთესი იქნებოდა დადებითობის მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლები იყოს, დღიური შემთხვევები 500-ს კი არ აღწევდეს, არამედ იყოს 100-ის ფარგლებში. ეს იქნებოდა კარგი მდგომარეობა. ამდენად, ჩვენ დღევანდელი შემსუბუქების პირობებში, მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ის მდგომარეობა, რომელიც ამდენი ძალისხმევის შედეგად მივიღეთ, შენარჩუნდეს და არ მოხდეს მისი გაუარესება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.