რაში დახარჯავს საქაერონავიგაცია EBRD-ის გამოყოფილ 10 მლნ ევროს - უწყების განმარტება
"საქაერონავიგაცია" EBRD-ის მიერ გამოყოფილი 10 მლნ ევროს ფინანსური რესურსის მიზნობრიობას განმარტავს.
უწყების ინფორმაციით, COVID-19-ის ფონზე შეჩერებული ფრენების და ავიაკომპანიებისთვის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელების გადავადების გამო, შპს „საქაერონავიგაციაში“ ფაქტობრივად აღარ ხორციელდება ფულადი სახსრების შემოდინება. ამ ფონზე კი "საქაერონავიგაციას" დროებითი შოკის გადალახვა, მიმდინარე ხარჯების დაფარვა და ლიკვიდურობის შენარჩუნება სჭირდება.
"COVID-19-ის პანდემიის პირობებში საავიაციო ინდუსტრია უპრეცედენტოდ დაზარალდა და არსებული შეზღუდვების შედეგად, უდიდესი ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. 2020 წლის მარტიდან "საქაერონავიგაციაში" ფრენების 89%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. ევროკონტროლის წევრ ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ავიაკომპანიებისთვის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელების გადავადების გამო, შპს „საქაერონავიგაციაში“ ფაქტობრივად აღარ ხორციელდება ფულადი სახსრების შემოდინება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD ) მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ბანკი კომპანიას ერთწლიანი საშეღავათო პერიოდით 10 მილიონი ევროს მოცულობის სესხს გამოუყოფს, რომლის მიზანიც პანდემიით გამოწვეული კრიზისის გავლენის შემცირება, დროებითი შოკის გადალახვა, მიმდინარე ხარჯების დაფარვა და ლიკვიდურობის შენარჩუნებაა. სესხის მომსახურების დაფინანსებას „საქაერონავიგაცია“ საკუთარი სახსრებით განახორციელებს", - განუცხადეს AviaNews-ს "საქაერონავიგაციაში".
როგორც ცნობილია, „საქაერონავიგაცია“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 10 მლნ ევროს ფინანსურ რესურსს მიიღებს. EBRD-იმ სესხი უკვე ოფიციალურად დაამტკიცა და მისი მიზანი სახელმწიფო კომპანიისთვის COVID-19 კრიზისის გავლენის შემცირება, დროებითი შოკის გადალახვა და ლიკვიდურობის შენარჩუნებაა. სესხი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის პროგრამის (VISP) ფარგლებში COVID-19 სოლიდარობის პაკეტის შესაბამისად გამოყო. შეგახსენებთ იმას, რომ "საქაერონავიგაცია" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიაა, რომელიც ხარჯებს საკუთარი შემოსავლებიდან ფარავს. ის ქვეყნის აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მოძრაობის მომსახურება და ფრენის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.