ბიზნესი
27/11/2020

რა შემთხვევაშია შესაძლებელი რესტორნების და სპორტული დარბაზების ფუნქციონირება

28 ნოემბრიდან სხვადასხვა შეზღუდვასთან ერთად ქვეყანაში დროებით დაიხურა რესტორნები, სპორტული დარბაზები და საცურო აუზები. თუმცა, არსებობს გამონაკლისები, რომლის ფარგლებშიც მთავრობამ აღნიშნული ობიექტების მუშაობა დაუშვა.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანით განისაზღვრა, რომ დასაშვებია რესტორნების/ბარების/კაფეების, სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებში მხოლოდ სასტუმროსა და განთავსების მსგავსი საშუალებების სტუმრებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით.

ამავე დადგენილების მიხედვით, კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ მიტანის მომსახურებითა (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანით (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“).“;

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.დროებით იხურება სავაჭრო ცენტრები (მოლები), ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.