ბიზნესი
17/07/2020

რა პირობით გაყიდის მთავრობა "საქართველოს ფოსტას"

“საქართველოს ფოსტის” პრივატიზაცია გადაიდო. ქვეყნის უმსხვილესი საფოსტო კომპანიის გასხვისების პროცესზე მუშაობას მთავრობა მომავალ წელს აპირებს. სწორედ 2021 წელს შესთავაზებს ინვესტორებს ქართულ კომპანიაში ფულის დაბანდებას, თუმცა გარკვეული პირობებით - კერძო ინვესტორს სოფლად და  მაღალ მთაში მცხოვრები პირებისთვის საფოტო მომსახურების ვალდებულება ექნება.

საქართველოს ფოსტა 2018 წელს 87 მლნ ლარის აქტივებს ფლობდა. როგორ შეიცვალა კომპანიის აქტივები და ფინანსური მაჩვენებლები 2019 წელს ჯერ უცნობია. კომპანიას ფინანსური ანგარიშგება არ გამოუქვეყნებია.

„საქართველოს ფოსტასთან“ დაკავშირებით გვქონდა გეგმა, მის პრივატიზაციის, დავიწყეთ კიდეც ამაზე მუშაობა, ჩვენს მიერ მოწვეული საერთაშორისო აუდიტი იყო შესული, რომელთაც უნდა გაეკეთებინათ შეფასება, რადგან მთავარი ამოცანა იყო პრივატიზაციის იმდაგვარად დაგეგმვა, რომ სოციალური საკითხები ყოფილიყო დაცული. სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობას ფოსტა აუცილებლად უნდა მოემსახუროს და ეს უნდა ყოფილიყო ინვესტორისთვის ვალდებულება, თუმცა პანდემიამ გარკვეულწილად შეცვალა ჩვენი გეგმები. ვფიქრობთ, რომ უფრო უპრიანია საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს, როდესაც ბიზნესგარემო გაუმჯობესდება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ამ საკითხზე კომენტირებისას.

Businesspartner