რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ სათამაშოების რეალიზატორებმა - რეგულაციები ძალაში შედის
1-ლი ივლისიდან საქართველოში „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ძირითადი ნაწილი შედის ძალაში. რეგულაციით სათამაშოების რეალიზატორებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ.
საქართველოს ბაზარზე პირველად განთავსებული ყველა სათამაშოს მიმართ განსაზღვრულია უსაფრთხოების ერთნაირი ნორმები. მათ შორის ჩამოთვლილია ის ალერგიული ნივთიერებები, რომლებსაც არ უნდა შეიცავდეს სათამაშო. ასევე მოთხოვნებია წაყენებული სათამაშოს აალებადობის, ქიმიური, თვისებების მიმართ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სათამაშოს უსაფრთხო გამოყენების შესახებ ინსტრუქცია დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზეც. რეგლამენტით შემოდის ე. წ. მეორეული ანუ მეორადი სათამაშოს განმარტებაც.
ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, მეორადი სათამაშოს რეალიზატორი ვალდებულია წარადგინოს მეორეულობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია თუ რომელი ქვეყნიდან არის გამოგზავნილი სათამაშო.
„მეორეულობის დამადასტურებელი დოკუმენტით უდა დადასტურდეს, რომ სათამაშო გათვლილი იყო ერთ-ერთ იმ განვითარებული ინფრასტრუქტურის ქვეყანაში რეალიზაციისთვის, რომელიც განსაზღვურია 50-ე დადგენილებით. 50-ე დადგენილებაში ჩამოთვლილია განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნები. ანუ ის ქვეყნები, რომლებსაც განვითარებული აქვს აკრედიტაციისა და სერთიფიკაციის სისტემა. ეს სია მოიცავს დაახლოებით 37 ქვეყანას, რომელშიც შედის ევროკავშირის ქვეყნები, ასევე აშშ და კანადა. შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან თუ შემოდის სათამაშო და პირველადი რეალიზაცია განხორციელდა ამ ქვეყნებში ეს სათამაშო ჩაითვლება საქართველოსთვის მისაღებად. თუ რა თქმა უნდა, მას მოჰყვა სატრანსპორტო და მეორეულობის დამადასტურებელი დოკუმენტი,“ - განმარტა რატი ობოლაძემ.
მისივე თქმით, რეგლამენტი ასევე მოიცავს ვალდებულებას, რომ მეორეული სათამაშოს იმპორტიორმა და რეალიზატორმა თავადვე უზრუნველყონ სათამაშოების უსაფრთხოება.
„თუკი დოკუმენტაციის მიუხედავად, მათ გააჩნიათ საფრთხის შესახებ ინფორმაცია, ან ეჭვი რომ სათამაშო შესაძლოა შეიცავდეს საფრთხეებს, ამ შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორები ვალდებულნი არიან, მეორეული პროდუქტი შეამოწმონ ფიზიკურ მახასიათებლებზე, ბასრ ნაწილებზე, ჩაყლაპვად მცირე დეტალებზე და ასე შემდეგ,“ - განმარტა რატი ობოლაძემ.
სათამაშოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება საქართველოში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა მისი ამოქმედება ბიზნესის მოთხოვნით 1-ელ ივლისამდე გადავაადა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან რეგლამენტის მოთხოვნები სათამაშო წიგნებზეც გავრცელდება.