რა მიიღო ბიზნესმა მეწარმეთა ახალი კანონით
სამეწარმეო ურთიერთობების სრულიად ახალი მარეგულირებელი ჩარჩო უკვე ძალაშია.
კანონით, ბიზნესის დაფუძნებისას მეწილეთა და დირექტორთა ვალდებულებები განახლებული წესებით დარეგულირდება. ახალი კანონმდებლობა ადგენს თუ რა შემთხვევაში შეუძლია შპს-ს ან სააქციო საზოგადოებას დივიდენდების გაცემა და როგორ უნდა მოხდეს კომპანიიდან პარტნიორის გასვლა.
რა მივიღეთ მეწარმეთა ახალი კანონით და არის თუ არა ის მყარი ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც კერძო სექტორს ოპერირებას გაუმარტივებს. ამ თემაზე, იურიდიული ფირმა GLCC-ის მმართველი პარტნიორმა ირაკლი გაფრინდაშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” ისაუბრა.
მისი თქმით, ბევრ საკითხს, რომელიც არ იყო დარეგულირებული და არაერთგვარივანი სასამართლო პრაქტიკის საგანი გახდა, ახალი კანონი მეტ-ნაკლებად დაარეგულირებს, თუმცა მომავალი გვიჩვენებს, თუ როგორ მოერგება კანონი ბიზნესს და ბიზნეს დავებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კანონი მისასალმებელია, თუმცა პირველადი ეფექტი ცოტა რთული გადასალახი იქნება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რადგან უამრავი სიახლეა, რომელთან შეჩვევასაც დრო სჭირდება.
"რამდენიმე ძირითად საკითხს მოიცავს დოკუმენტი, მათ შორისაა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რისთვისაც 2 წლიანი ვადაა განსაზღვრული და ამ ვადაში თუ არ მოხდა კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, კომპანიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად 3 თვინი ვადა ეძლევა, ხოლო თუ მაინც არ გამოსწორდა პრობლემა, იწყება ლიკვიდაციის პროცესი. პრობლემა შეიქმნება სავარაუდოდ იმ კომპანიებში, სადაც პარტნიორებს არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვთ. კანონმა სავალდებულო წესით განსაზღვრა 3/4 კვალიფიციური კვორუმი. შესაბამისად, თუ კონკრეტული პირი კომპანიაში 51%-ს ფლობს, კანონთან შესაბამისობაში მოყვანისთვის მას მაინც დასჭირდება მინორიტარი პარტნიორის თანხმობა. აქ შეიძლება წავაწყდეთ დავების წარმოშობის ფაქტებს. ასევე, ახალი კანონით შპს-ს შესაძლებლობა ექნება ნებადართული კაპიტალის ფარგლებში გამოუშვას ახალი წილები. ეს რა თქმა უნდა, არის ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიებმა შეიძლება გამოიყენონ კაპიტალის მოსაზიდად, რაც გარკვეული ბიზნეს ტრანზაქციების საერთაშორისო სტანდარტში მოქცევას განაპირობებს. ჩემი აზრით, ეს ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას,"- აღნიშნავს ირაკლი გაფრინდაშვილი.
მისივე თქმით, შპს-ს მიერ დივიდენდების გაცემის შეზღუდვის დაწესება არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ თითქოს განსაკუთრებული შეზღუდვა დააწესა კანონმა. აქ საუბარია ისეთ დივიდენდებზე, რომელიც შეუძლებელს გახდის კომპანიის მიერ მიმდინარე ვალდებულებების გასტუმრებას.
"რაც შეეხება, სააქციო საზოგადოებას, ამ კუთხითაც არის ცვლილებები, მაგალითად ის რომ სააქციო საზოგადოების შექმნის პროცესში კაპიტალი უნდა იყოს 100 000 ლარი. ამისთვისაც განსაზღვრულია 2 წელი და თუ ამ დროში ვერ მოახერხებს სააქციო საზოგადოება კანონის შესრულებას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია კომპანიის გარდაქმნაზე შეთანხმება და მაგალითად, კომპანია გადააქციონ შპს-დ. კანონი განსაზღვრავს როდის შეიძლება მოხდეს აქციონერისთვის აქციების ჩამორთმევა ან მეწილის გარიცხვა. ეს სწორედ იმ სასამართლო დავების გამოძახილია, რომელიც ვერ დარეგულირდა. კანონი ვერ განსაზღვრავდა ყველა იმ ჩამონათვალს და რეგულაციას, რომელიც შეიძლება მომავალში დადგინდეს, თუმცა თუ პარტნიორის ქმედებები აზიანებს საზოგადოების ინტერესებს და გაფრთხილების მიუხედავად არ შეწყდა მსგავსი ქმედებები, ამ შემთხვევაში ისევ სასამართლოს ძალით ხდება პარტნიორის გარიცხვა, რომელიც თავისი წილის შესაბამისად მიიღებს კომპენსაციას,” - ამბობს GLCC- ის მმართველი პარტნიორი.
შესაძლებელია თუ არა მსგავსი პრობლემების მედიაციის გზით მოგვარება და სასამართლოს არიდება, გაფრინდაშვილი განმარტავს, რომ მედიაცია ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ორივე მხარის თანხმობით და რა თქმა უნდა, კორპორაციული დავები გამონაკლისი არ არის.