ბიზნესი
17/03/2022

რა იცვლება მომხმარებელთა უფლებების ახალი კანონით

რა იცვლება მომხმარებელთა უფლებების ახალი კანონით და კონკრეტულად რა საკითხებს მოიცავს და არის თუ არა ამისთვის მზად ბიზნეს სექტორი, - ამ თემაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) იურიდიულმა დირექტორმა, ნიკა ნანუაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ისაუბრა.

მისი თქმით, პირველ რიგში ახალი კანონი ონლაინ ვაჭრობის მოწესრიგებას გულისხმობს, რა მიმართულებითაც საქართველოს საკანონმდებლო ბაზა აქამდე არ ქონდა განვითარებული და ეს იყო ადგილი, რომელსაც აუცილებლად სჭირდებოდა შესაბამისი სამართლებრივი ნორმებით შევსება.

"აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა უფლებების მომწესრიგებელი კანონმდებლობა ქვეყანაში აქამდეც გვქონდა. ახალი კანონი სამართლებრივ ნორმებს უფრო აზუსტებს, აკონკრეტებს და ხვეწს. ამასთან, ქმნის უფრო მყარ გარანტიებს ერთი მხრივ მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, მეორს მხრივ კი ორგანიზებული, ცივილური ბიზნეს ინტერესების დასაცავად, რომელთაც ზოგ შემთხვევაში უწევთ კონკურენცია.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ახალი კანონი მომხმარებელს ყველაზე მეტად დაეხმარება იყოს მეტად ინფორმირებული და იცოდეს მისი უფლებები, ასევე ვალდებულებები. ცვლილებები იძლევა საფუძველს, რომ მათ შორის დისტანციური, ონლაინ ვაჭრობის ე.წ გამოწერის შემთხვევაში, მომხმარებელმა დაიცვას თავისი უფლებები და პროდუქტის შესახებ მიიღოს ობიექტური ინფორმაცია, ამასთან ყველანაირი მიზეზის გარეშე დააბრუნოს ნივთი. კანონი გვთავაზობს დეტალურ პროცედურებს, თუ როგორ შეილძლება პრეტენზიით მივმართთ გამყიდველს, ჩავანაცვლოთ ნივთი და სხვა," – აცხადებს ნიკა ნანუაშვილი.

მისივე თქმით, ნებისმიერი მსგავსი კანონპროექტი დაკავშირებულია გარკვეულ ღირებულებასთან, რომლის გადახდაც როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებლებს მოუწევთ.

"რა თქმა უნდა, ბიზნესს პირდაპირი ვალდებულება არ ექნება რაიმე დამატებით გადასახადზე. რაც შეეხება მარეგულირებელს, ამისათვის განსაზღვრულია კონკურენციის სააგენტო, რომელიც ვალდებული იქნება განიხილოს მომხმარებელთა საჩვირები და მოახდინოს რეაგირება. არის ასევე ერთი წმინდა სამართლებრივი საკითხი, რაც კანონპროექტის ურთიერთქმედებას სხვა სპეციფიკური სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობასთან. ვგულისხმობ, ჯანდაცვის სექტორს, საბანკო, სადაზღვეო სექტორებს, კომუნიკაციებს და ა.შ.

რაც შეეხება ბიზნესის მზაობას ამ ცვლილებების მიმართ, პანდემიის პერიოდში, ბიზნესი ადაპტირდა ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით. ახლა საუბარია იმაზე, რომ ამ სფეროში ყველასთვის ერთიანი თამაშის წესები და ვალდებულებები იყოს. მნიშვნელოვანია ელექტრონული კომერციის შესახებ კანონის მიღებაც, რომელიც ჯერ კიდევ პროექტის სტადიაზეა და ესეც ონლაინ ვაჭრობის დახვეწას და ჩარჩოებში მოქცევას შეუწყობს ხელს, ხოლო სფეროს მოწესრიგება ბიზნესს დაეხმარება. მეორე მხრივ, პრობლემა შეექმნებათ ისეთ ბიზნესებს, რომლებიც ონლაინ პლატფორმებს არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ," - აღნიშნავს ნიკა ნანუაშვილი.