ბიზნესი
27/12/2022

რა ღირს "ქვევრი" - ზვიად ციკოლიას სუნამო უკვე გაყიდვაშია

ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლიამ სუნამოს გაყიდვები უკვე დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, გაყიდვაშია 3 განსხვავებული, უნივერსალური არომატი 3 განსხვავებულ ფლაკონში, მისი გასაყიდი ფასი კი 749 ლარია (50 მილიგრამიანი)

როგორც ცნობილია,  ქართული ბრენდით პირველად წარმოებული სუნამოს ჩამოსხმა საფრანგეთში დაიწყო. 

„თავიდან იქნება 3 განსხვავებული არომატი 3 განსხვავებულ ფლაკონში. არომატები იქმნება სპეციალურად ციკოლიასთვის და არ გაიმეორებს რომელიმე ბრენდის სუნს,”- აცხადებდა ციკოლია რამდენიმე თვის წინ.

ამასთან, საქართველოს ინდივიდუალური საკუთრების ეროვნული ცენტრმა 2022 წლის იანვარში პოსტიც გაავრცელა, რომლის მიხედვით, ზვიად ციკოლიამ ქვევრის ფორმის სუნამოს ბოთლის დიზაინი დააპატენტა.

"საქპატენტში რეგისტრირებულ დიზაინებს ახალი, ორიგინალური ფორმის პროდუქტი შეემატება. სპილენძისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი და გამჭვირვალე სუნამოს ბოთლები სადგამებით, ის დიზაინებია, რომელთა რეგისტრაციის თაობაზე საქპატენტის ექპერტიზამ დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა.
 
აღსანიშნავია, რომ დიზაინი ექვემდებარება დაცვას, თუ მას აქვს სიახლე და არის ინდივიდუალური,"-ნათქვამი იყო "საქპატენტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტია. Tsikolia Watches, ქართული საათების ბრენდია, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.