ბიზნესი
28/10/2020

რა ბენეფიტებს სთავაზობს სახელმწიფო პროგრამა თევზჭერით დაკავებულ ბიზნესს

ნათია თურნავა თევზჭერის დარგის განვითარების პრიორიტეტულობაზე აცხადებს. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოსთვის თევზჭერის დარგი ერთ-ერთი სტრატეგიული დარგია, რომლის აღსადგენად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

„წლების განმავლობაში თევზჭერა უყურადღებოდ იყო მიტოვებული. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ავამოქმედეთ სპეციალური პროგრამების პაკეტი, რომელიც მხარს უჭერს თევზჭერას და იმ ადამიანებს, ვინც შეიძენენ/შეუკვეთენ, ააშენებენ თევზსაჭერ გემებს და მოემსახურებიან მათ. ჩვენ ვეხმარებით მათ როგორც საკრედიტო-საგარანტიო სქემით, ასევე სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით. სასიხარულოა, რომ პირველი ასეთი პროექტი უკვე ხელმოწერილია, ხოლო კიდევ სამი პროექტი მომზადების პროცესშია. ვიმედოვნებთ, უახლოეს თვეებში ჩვენი დახმარებით თევზჭერის ფლოტილია აღდგება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერილ ბიზნესებს შორის არის საზღვაო თევზჭერა 2019 წლის დეკემბრიდან მოხვდა. პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 3%-იანი თანადაფინანსებით, ლიზინგის შემთხვევაში კი რეფინანსირების განაკვეთს +5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც ადგილობრივ მეთევზეებს თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემების შეძენაში დაეხმარება.

ეკონომიკის სამინისტროში იმედოვნებე, რომ პროგრამის ხელშეწყობით თევზმჭერი ფლოტი მნიშვნელოვნად განახლდება და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში პირველი თევზსაჭერი გემის მშენებლობის დაფინანსების სამმხრივი მემორანდუმი უკვე გაფორმდა  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის საფუძველზეც პირველად დაფინანსდება ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა.

ნათი თურნავა აღნიშნავს ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის გახსნის მნიშვნელობაზე, რომელიც პირველ ეტაპზე საქმიანობას მომზადება-გადამზადების კურსებით დაიწყებს. მოხდება თევზასჭერი გემების პერსონალის, ასევე მეთევზეების მომზადება-გადამზადება.