ბიზნესი
25/02/2021

რა არის სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს მიზანი

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის შექმნის საკითხს განიხილავენ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საბჭო შეიმუშავებს, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.

„ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოთა კომპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანიცაა, კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს კომპანიები. ეს არის ევროპული ტიპის რეფორმა, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს და გამოცდილებას. რეფორმას და ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე ჩართულები არიან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი.

სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის მიზანია, პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარება. ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის ჩვენ ვქმნით სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ასევე უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმის დანერგვას ყველა ეტაპზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოებს აქვთ საკმარისი პოტენციალი, რომ წამყვანი როლი შეასრულონ ეკონომიკის გარკვეული დარგების განვითარებაში. ვფიქრობთ, რეფორმა ჩვენ მოგვცემს საშუალებას,მივაღწიოთ საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა სექტორში ეფექტიანობის ზრდას , რითაც ხელი უნდა შეეწყოს ეკონომიკურ აქტივობაში მათი წვლილის გაზრდას, ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ფისკალურ სივრცეზე ზეწოლისა და ფისკალური რისკების შემცირებას“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების საკითხი ჯერ კიდევ გიორგი გახარიას მთავრობამ იანვრის ბოლოს დაანონსა. მაშინ ითქვა, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს.

მაშინვე რამდენიმე ასეთი საწარმო დასახელდა, პირველი მათ შორის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, მოგვიანებით კი საქართველოს რკინიგზა და საქართველოს ფოსტა.