ყველის ქართველი მწარმოებელი შრი-ლანკის შემდეგ Maia Cheese-ის მაღაზიას საქართველოშიც გახსნის
ქართველი ბიზნესმენი მაია დონაძე ყველის მაღაზია Maia Cheese-ის გახსნას შრი-ლანკის შემდეგ საქართველოშიც გეგმავს. სამომავლოდ,წარმოების საქართველოში დაწყებაც განიხილება.
დონაძის ინფორმაციით, Maia Cheese-ის ბრენდული მაღაზია საქართველოში 2023 წლის ბოლომდე გაიხსნება.
„საქართველოში არავინ არ აწარმოებს ცისფერ ყველს, გაუდას, პარმეჯანოს და ასე შემდეგ. ამ კუთხით დიდი მრავალფეროვნება არ არის. ეს ნიშა აუთვისებელია. უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას ვგეგმავ და აუცილებლად შევისწავლი ბაზარს. როგორც ვიცი, ქვეყანში ნედლი რძის პრობლემაა, ვნახოთ ეს პრობლემა როგორ გადაიჭრება.
როდესაც მე ინდოეთში წარმოება დავიწყე, მაშინ რძის და წყლის ფასი ერთი იყო, თუმცა, სახელმწიფომ ხელში აიღო ეს მიმართულება და მერძევეობის განვითარება დაიწყო. დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო შრი-ლანკაშიც, თუმცა, დღეს ქვეყანა მაგ მხრივ იმდენად განვითარდა, რომ შემიძლია უკვე თავისუფლად ვიყიდო 20 000 ტონა ნატურალური რძე,“-აცხადებს დონაძე.
როგორც დონაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამჟამად კომპანია 45 სახეობის ყველს აწარმოებს. მათ შორისაა, ქართული ყველი - სულგუნი. ქართველი მწარმოებელი ყველის რეალიზაციას გარდა ბრენდული მაღაზიისა, სუპერმარკეტებთან და HoReCa სექტორთან თანამშრომლობით ახდენს.
„საქართველოში 30 წელია აღარ ვცხოვრობ, პირველად Maia Cheese ინდოეთში, გოაში დაფუძნდა, 2015 წლიდან კი შრი-ლანკაში კომპანიის მეორე ქარხანა დავაფუძნე. ახლა შრი-ლანკაში მეორე ქარხანას ვაშენებ, ჯამში 3 საწარმო მექნება,“-აცხადებს დონაძე.
მისივე ინფორმაციით, Maia Cheese უახლოეს მომავალში დღეში 3000 კგ-დან 6000 კგ-მდე ყველის წარმოებას გეგმავს.