ბიზნესი
11/12/2020

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას

ყულევში მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება ლარის კურსის დასტაბილურების საფუძველი და ქვეყნის ეკონომიკის პოზიტიური ტრაექტორიის რეალური საშუალება გახდება.

როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია შპს „ფაზის ოილის“ აღმასრულებელი დირექტორი გია შავდია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, შემცირდება უცხოური ვალუტის გადინება ნავთობპროდუქტების შესაძენად, ამით იმპორტ-ექსპორტის სალდო საგრძნობლად გაუმჯობესდება, რაც პოზიტიურად იმოქმედებს ლარის კურსის სტაბილიზაციაზე.

მისი განცხადებით, კომპანია “ფაზის ოილის“ ყულევის ნავთობგადამამუშვებელი ქარხნის პროექტში EPC-კონტრაქტორებად(engineering procurement contract) განიხილებიან მსოფლიოში კარგად  ცნობილი საინჟინრო კომპანიები: Technicas Reunidas (ესპანეთი), SK energy (სამხრეთ კორეა), Itochu (იაპონია) და Mitsubishi (იაპონია).

ქარხნის ოპერატორი კომპანიის ნომინირებაზე (operating management) მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ სფეროს წამყვან ბრენდებთან (Cepsa (ესპანეთი), BP (დიდი ბრიტანეთი), OMV (ავსტრია).

„ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების პროექტში მონაწილეობა რადიკალურად შეცვლის ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს. მსოფლიოში ცნობილი ბრენდის მიერ ქარხნის ოპერირება ავტომატურად მოხსნის კითხვებს ქარხნის მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტების ევროსტანდარტთან შესაბამისობაზე, ასევე მოთხოვნილება გაჩნდება დარგის სპეციალისტებზე, რაც გააჩენს საშუალებას დაინერგოს ახალი საერთაშორისო სტანდარტის სასწავლო პროგრამები“-აცხადებს გია შავდია.

როგორც ცნობილია, კომპანია “ფაზის ოილი“ ყულევში მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის რეალიზაციაზე მუშაობს, რომელიც მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ 2021 წლის გაზაფხულიდან დაუბრუნდებიან დაგეგმილი პროცესების გრაფიკს. საქართველოში პირველი ევრო სტანდარტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების შემდეგ, შიდა ბაზარზე საწვავის ფასი 15-20%-ით გაიაფდება. ნედლი ნავთობის მოწოდება განხოციელდება ძირითადათ ყაზახეთიდან, ასევე განიხილება სარეზერვო ნავთობის მოწოდების წყაროები, ლიბიიდან და საუდის არაბეთიდან.