ბიზნესი
04/03/2021

პრემიერი: ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესს მალე დავიწყებთ

მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ინვესტორის მოძიების პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს მომავალში ტენდერის გამოცხადების სამუშაოებს განახორციელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ახალი ინვესტორის მოძიების პროცესში მთავრობა საერთაშორისო კონსულტანტს დახმარების მიზნით დაიქირავებს.

"ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს დავიწყებთ უახლოეს მომავალში. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სატენდერო სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს სამუშაოებს. დაიქირავებს საერთშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ყოფილმა ინვესტორმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა.

"მთავრობას ყოველთვის უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა გამოხატული ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ. ანაკლიის პორტის პროექტს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. კონსტიტუციაში შევიტანეთ, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი. არაერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა ვალდებულება. მათ შორის, ძირითადი ვალდებულება გადავადდა სამჯერ. მთავრობამ გამოისყიდა და გადასცა ინვესტორს 58 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო ტერიტორია. ავიღეთ პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულებაც. გზების დეპარტამენტს ეს პროექტი უკვე მზად აქვს. გარდა ამისა, დამატებით საპარტნიორო ფონდი მზად იყო ინვესტორისთვის 100 მილიონის ღირებულების სესხი გამოეყო. თუმცა, სამწუხაროდ, ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები",- თქვა პრემიერმა.