პირველი ქართული უნივერსიტეტი MIT-ს სამეწარმეო ქსელში – BTU-მ წევრობა მიიღო
პირველად საქართველოში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) უმსხვილესმა ინოვაციურმა ქსელმა (MIT - Martin Trust Center) ქართულ უნივერსიტეტს, წევრობა მიანიჭა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რეგიონში პირველია, ვინც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) Martin Trust Center-ის წევრი გახდა. შეთანხმება სხვადასხვა ერთობლივი პროექტის განხორციელებას და ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, სტარტაპების მხარდაჭერას და ინოვაციური პროცესების სტიმულირებას გულისხმობს.
მსოფლიოს უმაღლეს ლიგაში მყოფი MIT საერთაშორისო ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის მნიშვნელოვანი წევრია. Martin Trust Center შეიქმნა როგორც მოწინავე ინსტიტუცია ამ დარგში, 21-ე საუკუნის გამოწვევებისა და მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. კვლევების თანახმად, ცენტრის წევრების მიერ ყოველწლიურად მილიონობით სამუშაო ადგილი იქმნება, წევრებს დაფუძნებული აქვთ 30 000-ზე მეტი კომპანია, მათ მიერ გენერირებულია 2 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი. ცენტრის ეკონომიკური მასშტაბი მსოფლიოს მე-10 ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) მოცულობასაც კი უსწრებს.
ამ მასშტაბის საერთაშორისო ქსელის წევრობა საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობებს აჩენს. BTU-ს წევრობის განმავლობაში საქართველოში არსებული ყველა სტარტაპი, მცირე და საშუალო ბიზნესი, ენჯელ ინვესტორი და სხვადასხვა ფონდი იქონიებს წვდომას Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან, ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძებებსა და კონფერენციებზე, მის მიერ გენერირებულ უახლეს კვლევებსა და ლიტერატურაზე და სხვა. ქართული სტარტაპების ცნობადობა საერთაშორისო ეკოსისტემაში გაიზრდება. Martin Trust Center-ის აფილირებული ექსპერტები BTU-ში გამართავენ ვებინარებს და ვორქშოპებს, გააზიარებენ ინდუსტრიის ანალიზის ყოველკვარტალურ მასალას.
MIT-ს მიერ ნიუ იორკში, კემბრიჯსა და სილიკონ ველიში ორგანიზებულ აქსელერატორსა და დემო დღეზე, DELTA V-ზე მონაწილეობა, კავშირების დამყარება ვენჩურულ ფონდებთან, ინვესტორებთან, სილიკონ ველის სტარტაპებთან, აგრეთვე შესაძლებელი ხდება BTU-სთვის. სამეწარმეო სიმპოზიუმი და კონფერენციები აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ყოველწლიურად იმართება და უახლეს მიღწევებსა და ტენდენციებს აჯამებს.
Martin Trust Center-ის წევრობა, ასევე, მოიცავს წვდომას ონლაინ მოდულზე, რომელიც დამწყები ანტრეპრენერებისთვის არის განკუთვნილი და მოიცავს სხვადასხვა რესურსებს და ხელსაწყოებს სტარტაპის განვითარებისთვის. აღნიშული მოდული MIT-ის ცნობილი საგანმანათლებლო აქსეელრატორის Delta V-ის ონლაინ, DIY “გააკეთე თვითონ” ვერსიაა.
გარდა ამისა, BTU-ს მეწარმეობის ცენტრი წელს Martin Trust Center-ის დამფუძნებლის Bill Aulet-ის წიგნს, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვან სახელმძღვანელოს Disciplined Entrepreneurship: 24 Steps to a Succesful Startup ქართულ ვერსიას გამოსცემს. წიგნის პრეზენტაცია 2021-ის გაზაფხულზე იგეგმება.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) Martin Trust Center-ის წევრობის შესახებ შეთანხმება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პარტნიორობის შედეგად იქნა მიღწეული.
2020 წელს, რეგიონში პირველად MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბი, BTU-ს ბაზაზე დაფუძნდა და სტარტაპ აქსელერაციის პროგრამა გამართა.
პროგრამა, 4 კვირის განმავლობაში BTU-ში მიმდინარეობდა. პროექტს MIT-დან მოწვეული 4 სტარტაპ მენტორი ახორციელებდა და მასში 28 სტუდენტი, მათ შორის 18 ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი და 10 საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან შერჩეული სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. პროექტის ბოლოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების წინაშე გაიმართა სტარტაპების დემო დღე.