ბიზნესი
23/09/2020

"პიელ ნატურალსი“ რეგიონებში მაღაზიებს ხსნის

კოსმეტიკური საშუალებების მწარმოეველი კომპანია „პიელ ნატურალსი“ ფართოვდება. ბრენდული მაღაზიები თბილისის გარდა რეგიონებშიც გაიხსნება. კომპანიაში განმარტავენ, რომ პანდემიის პერიოდში მათ პროდუქციაზე გაზრდილმა მოთხოვნამ პროცესები დააჩქარა.

საქართველოში წარმოებული ტანის, თმის და სახის მოვლის საშუალებები წლის ბოლომდე 6 ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი.

„ბათუმში, გორში, ახალციხეში, ქუთაისსა და თელავში ჩვენი ახალი მაღაზიები სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაიხსნება. სავაჭრო ობიექტების დამატება გვაქვს გადაწყვეტილი თბილისშიც. გაფართოება, რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებში ისედაც იყო, თუმცა ჩვენთვის მოულოდნელად პანდემიამ ეს პროცესები დააჩქარა. უკვე დავიმატეთ თანამშრომლები და შევარჩიეთ ლოკაციებიც,“ - ამბობს თათუკა ლომაძე.

ფილიალების დამატების პარალელურად  იზრდება წარმადობის მოცულობაც. ჯამში ბრენდის დამფუძნებლები გაფართოებისთვის 50 000 ლარამდე დახარჯავენ. დასაქმებულთა რიცხვი კი 10-დან 35-მდე გაიზრდება.

ადგილობრივ ბაზარზე ფეხის მოკიდება ბრენდის ერთადერთი მიზანი არ არის. აქტიურად გრძელდება მოლაპარაკებები პროდუქციის საფრანგეთსა და ნიუ-იორკში გატანაზე. ამ დრომდე „პიელ ნატურალსის“ პროდუქცია მხოლოდ დუბაიში გადიოდა ექსპორტზე.

 

Businesspartner