პარლამენტმა ბიზნესის დაწუნებული შრომის კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
შრომის კოდექსი პირველი მოსმენით მიღებულია. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა ნაწილს ბიზნესი პრობლემურად მიიჩნევდა.
ბიზნესი 2 მნიშვნელოვან საკითხს აყენებდა, რომელსაც ეს კოდექსი ითვალისწინებს. პირველი შრომის ინსპექციის მანდატის განუსაზღვრელი გაფართოებაა, რადგანაც ინსპექტორებს სასამართლოს ნებართვის გარეშე კომპანიებში შესვლის უფლება ექნებათ, მეორე საკითხი კი, ზეგანაკვეთური ანაზღაურების მინიმალურ სტანდარტად 125%-ის განსაზღვრაა, ანუ დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაუხადოს იმ თანხის 125%, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის.
შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება დასვენების დღეებსაც. კერძოდ, სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. 12-საათიანი ყოველდღიური დასვენების დროის გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებული უზრუნველყოს კვირაში სულ მცირე 1 დასვენების დღით.
კანონპროექტის თანახმად, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაო პირობებში, ღამის სამუშაოზე დასაქმებულისთვის 24-საათის განმავლობაში მაქსიმალური სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს.