"Paramount Pictures-სა და A24-თან თანამშრომლობა Postred-ს ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე სტუდიად აქცევს"
ქართული კომპანია Postred-ის დამფუძნებელი ბესო კაჭარავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ჰოლივუდის ორ ისეთ დიდ კინოსტუდიასთან, როგორებიცაა Paramount Pictures-ი და A24-ი, გაფორმებული გარიგება რეგიონში ყველაზე დიდია.
„გარიგების ოდენობა კონფიდენციალურია, თუმცა, ამ შეთანხმებით Postred-ი ევროპაში მინიმუმ ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე პოსპროდუქციის სტუდია გახდა. ამჟამად კომპანია ჯამში 30 ადამიანის დამსაქმებელია, უახლოეს რამდენიმე წელში კი დამატებით 30-50 ადამიანს დაასაქმებს, მსგავსი სტუდიისთვის კი ეს რაოდენობა საკმაოდ ბევრია,“ - აცხადებს კაჭარავა.
მისივე განმარტებით, ქართულ კომპანია Postred-ს ახლა კონკურენციის გაწევა ამერიკულ კომპანიებთან უწევთ.
კითხვაზე, რამდენად განვითარებულია საქართველოში კინოინდუსტრია, ასევე კინოსერვისის ბაზარი და არის თუ არა ის როგორც ბიზნესი, კაჭარავა განმარტავს, რომ საქართველოში კინო, როგორც არტის ფორმა საკმაოდ განვითარებულია.
უფრო მეტიც, ქართული კინო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა მსოფლიოში. რაც შეეხება კინოსერვისის მიწოდება, ეს მიმართულება საქართველოში ახლა ვითარდება.
Postred-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კინოსერვისის მიწოდების ბაზარზე საკმაოდ ბევრი საინტერესო კომპანია გაჩნდა.
„საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს კინოსერვისის მიწოდების ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. ჩვენი კომპანია მაგალითად უკვე არის კონკურენტუნარიანი, სამომავლოდ, კი ბევრი კომპანია იქნება, რომელიც ასევე სერვისების კუთხით გაყიდვადი აღმოჩნდება,“ - აცხადებს კაჭარავა.
მისივე თქმით, შემოქმედებით ჯგუფს USAID-ი ეხმარება. "USAID-ის დახმარებით შევძლით პროცესი აგვეჩქარებინა, მოგვეხდინა თანხების მობილიზება, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ეკონომიკა ბევრად პატარაა, ვიდრე ამერიკული, საკმარისი თანხების მობილიზება იმისთვის, რომ გვქონდეს საჭირო ეკიპირება და ის ტექნიკა, რომლითაც შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე გახვალ, საქართველოს ეკონომიკისთვის ცოტა რთულია, თუმცა, შეუძლებელი არ არის. არ ვიტყვი იმას, რომ არაფერი გამოვა, თუ ვინმემ არ დაგაფინანსა,“ - აცხადებს კაჭარავა.
შეგახსნებეთ, ქართულმა კომპანია Postred-მა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ჰოლივუდის ორ ისეთ დიდ კინოკინოსტუდიასთან, როგორებიც Paramount Pictures და A24-ია.
USAID Georgia-ს ინფორმაციით, პროექტებთან დაკავშირებით Postred-ს მოლაპარაკებებსა და შეთანხმების მიღწევაში დაეხმარა და ამჟამად ხელს უწყობს, რომ ჰოლივუდის ინდუსტრიის სტანდარტის — Trusted Partner Network სერტიფიკატი მიიღოს, რის შემდეგაც ამ ქართულ კომპანიას საშუალება ექნება, დიდ სტუდიებთან იმუშაოს და პროფესიონალებისთვის დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნას საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ Paramount Pictures-ის მიერ წარმოებულ ცნობილ ფილმებს შორისაა Titanic (ტიტანიკი), Interstellar (ინტერსტელარი), ხოლო A24-ს ეკუთვნის Moonlight (მთვარის შუქი), Lady Bird (ლედი ბერდი) და Midsommar (მიდსომარი).
რაც შეეხება POSTRED-ს,აღნიშნული აუდიო პოსტპროდუქციის კომპანია 2015 წელს შეიქმნა და ამჟამად ჰოლივუდის ორი ისეთი ახალი ფილმის აუდიოგახმოვანებას უზრუნველყოფს, როგორებიცაა საკულტო საშინელებათა ჟანრის ფილმების სერიის ახალი ნაწილი კივილი 5 და C’mon,C’mon, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.