ბიზნესი
15/02/2021

"პანდემიური 2020-ის მიუხედავად საავტომობილო საწვავის ბაზარზე აქტიური კონკურენციაა"

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის 2020 წლის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

„2013 წლიდან, ბენზინისა და დიზელის როგორც იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო რეალიზაციის ნაწილში, გაზრდილია მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა, შემცირებულია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი, რაც კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მაჩვენებელია.

2012 წელს ბაზრის იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 8 ეკონომიკური აგენტი, რომელთა რაოდენობა 2019 წელს 63-მდე გაიზარდა, ხოლო 2020 წელს 45 კომპანიამდე შემცირდა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წელს, წინა წლებთან შედარებით, არ შეინიშნება შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ზრდა.

საცალო ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი 2020 წლის მონაცემებით შეადგენს 56.5%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 43.5%-ის ფარგლებშია. ავტოგასამართი სადგურების რაოდენობრივი ზრდა, ძირითადად, განპირობებულია ბაზარზე ახალი ეკონომიკური აგენტების შესვლით და, ზოგადად, მცირე ქსელების სეგმენტის გააქტიურებით, რაც, თავის მხრივ, აისახა შესაბამისი ბაზრის საცალო სარეალიზაციო დონის საერთო წილობრივ განაწილებაზე. შედარებისთვის, ხსენებული სეგმენტის საერთო წილი 2018 წლის მონაცემებით შეადგენდა 39.6%-ს, 2019 წელს - 39.9 %, ხოლო 2020 წელს 43.5%-ს“, - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

2015 წლის დასაწყისში საცალო ბაზარზე ფუნქციონირებდა, დაახლოებით, 960 ავტოგასამართი სადგური, 2019 წელს - 1210, ხოლო 2020 წელს მათი რიცხვი 1216-ს შეადგენდა.

2020 წელს, შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა - ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსმა (HHI) 746 ერთეული შეადგინა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. (HHI მეტია 2250 -მაღალკონცენტრირებული ბაზარი, HHI ნაკლებია 1250 - დაბალკონცენტრირებული ბაზარი).

COVID 19-მა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საწვავის გლობალურ და ადგილობრივ ბაზარზე, როგორც რეალიზაციის, ასევე ფასების ფორმირების თვალსაზრისით. ადგილობრივ საცალო ბაზარზე პლატსის ფასის ცვლილება ძირითადად აისახებოდა შესაბამისი დროითი შუალედების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (2-დან 6 კვირამდე პერიოდი).

მცირე ქსელები ბევრად მოქნილად რეაგირებდნენ პლატსის ფასის კლებაზე, რაც, ძირითადად, განპირობებული იყო საწვავის მცირე მარაგებით. საწვავის დიდმა მარაგმა მსხვილ კომპანიებს მცირე ქსელებთან შედარებით საშუალება მისცა, რიგ შემთხვევებში, პლატსის ფასის მატების მიუხედავად არსებული ფასი შეენარჩუნებინათ.

სააგენტოს შეფასებით, ფასების დიაპაზონი და სხვაობა ერთი და იგივე მარკის საწვავზე იყო საკმაოდ დიფერენცირებული, რაც მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევდა. მაგალითისათვის - ფასების დიაპაზინი ერთიდაიგივე ტიპის 1 ლიტრ საწვავზე (ბენზინი რეგულარი) სხვადასხვა ქსელებში 2,34 თეთრიდან 1,97 ფარგლებში მერყეობდა.

საქართველოს ბაზარზე მიმდინარე პროცესები საცალო ფასების ცვლილების ნაწილში თანხვედრაში იყო ანალოგიურ პერიოდში საწვავის ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების (რუმინეთი, ბულგარეთი, რუსეთი) ადგილობრივ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებთან.

კონკურენციის სააგენტო 2018 წლიდან ახორციელებს საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგს. შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და პლატსის ფასის ცვლილებაზე, მის გავლენაზე ჩვენს ქვეყანაში საავტომობილო საწვავის ფასზე.
2020 წელს, ქვეყანაში საერთო ჯამში იმპორტირებული საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ოდენობამ შეადგინა 1 356 139 ათასი ლიტრი, რაც 2.5% - ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთი ფედერაციიდან - 31.8%, რომელსაც მოყვება რუმინეთი -20% და ბულგარეთი -17.3 %. საერთო იმპორტის 46% დიზელის ტიპის საწვავმა შეადგინა, ხოლო 54% ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი, რომლის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში შეადგინა - 69%, ხოლო საერთო იმპორტში - 37%