ბიზნესი
14/12/2020

პანდემიის პერიოდში შექმნილი ბოტანიკური სასმელი “კაი“ ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

პირველი ქართული ბოტანიკური სასმელი „კაი“ ექსპორტზე  გასასვლელად ემზადება. კომპანია „ბოტანისტის“ მიერ წარმოებული პროდუქტი კანადაში სარეგისტრაციოდ  უკვე გაგზავნილია. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ჯირკვალიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ექსპორტთან დაკავშირებით მეზობელ ქვეყნებთანაც, მათ შორის, რუსეთთან. 

გამაგრილებელი სასმელი ქართველი  მეცნიერების მიერ შემუშავებული ფორმულით შეიქმნა და ალპური კავკასიონის 16 მცენარისგანაა დამზადებული. გაზირებული-გამაგრილებელი სასმელის წარმოება პანდემიის პერიოდში დაიწყო.

პროექტის საინვესტიციო  ღირებულება დაახლოებით 10 მლნ დოლარია. საწყის ეტაპზე კომპანია 50 ადამიანს ასაქმებს. „შეცვალე ქიმია ბოტანიკით“ ბრენდის მთავარი დევიზია და ეტაპობრივად ბაზარს ახალ პროდუქტებს შესთავაზებს. ამჟამად „კაის“ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით, დიდ ქსელურ მარკეტებში იყიდება. 

„კაის“ მწარმოებლების განმარტებით,  პროდუქტი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და დიდი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია. 

Businesspartner