პანდემიის გამო ხობში ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობა გადაიდო
ხობში, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობა პანდემიის გამო დაპაუზდა.
როგორც კომპანია „ნადი გრუპის“ დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილი იყო იტალიელი ინვესტორების საქართველოში ვიზიტი, პროექტის დაწყება და მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქარხნის გახსნა.
მისივე თქმით, პროექტი მანამდე ვერ განხორციელდება, ვიდრე პანდემია არ დასრულდება.
„ნადი გრუპი“ ხობში ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობაში 2 მლნ ევროს ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ქარხანა 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება. პროექტი ითვალისიწნებს ლოკოკინის ხორცის გადამუშავებას, ესკარგოების წარმოებასა და ექსპორტზე გატანა. ნადარაია აცხადებს, რომ წარმოებული პროდუქციის ნაწილი ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.
კომპანიის საკუთრებაშია 6 ჰექატრზე გაშენებული ლოკოკინას ფერმა, სადაც წელიწადში საშუალოდ 50 ტონალოკოკინის ხორცი იწარმოება. დღეს ევროპის ბაზარზე მაგალითად, 1 კილო ლოკოკინის ფასი 3-5 ევროა.
„ნადიუ გრუპი“ ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანიებისთვის საჭირო ნედლეულის წარმოებასაც გეგმავს. საუბარია, ლოკოკინის ლორწოზე, რომელსაც სამედიცინო დანიშნულება აქვს.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ გასულ წელს შეიქმნა. ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით 1,260,000 ლარი მიიღო.
ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს. გასული წლის შემოდგომიდან კომპანიამ ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტი იტალიაში დაიწყო.