პანდემიის გამო ახვლედიანის ქუჩაზე IBIS Budget-ის სასტუმროს გახსნა 2021 წლამდე გადაიდო
თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე IBIS Budget-ის ბრენდის სასტუმროს გახსნა 2021 წლის მაისამდე გადაიდო. როგორც კომპანია „ბეტა ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სასტუმროს მშენებლობა თითქმის დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
„მარტში, როდესაც პანდემია დაიწყო და ყველაფერი გაჩერდა, იმის შემდეგ მუშაობა აღარ გაგვიგრძელებია. დარჩენილია დაახლოებით 3 თვის სამუშოები,“ - აცხადებს გიორგი ჯოხაძე,
158 ნომრიან სასტუმროს მშენებლობაზე 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.
ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის აგვისტოში გაასხვისა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებული იყო, სულ მცირე 6 მლნ ლარის ინვესტიცია და სასტუმრო აეშენებინა. „ბეტა ჯგუფს“ ასევე დაევალა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის, ვაჟა ფშაველას N33-ში 2 630 000 ლარის ღირებულების, მინიმუმ 2900 კვ.მ. ფართის შენობის აშენება.
კომპანია „ბეტა ჯგუფი“, 2016 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიას თავდაპირველად 4 მეწილე ჰყავდა: თამაზ თავაძე 25%, გიორგი ქარაზანიშვილი 25%, ბეჟან სამხარაძე 25% და ედიშერ მამალაძე 25%, რომელიც კომპანია "საქკაბელის“ მმართველი პარტნიორიცაა. დირექტორად კი რეესტრის მონაცემებში გიორგი გოშხეთელიანი ფიქსირდებოდა.
რეესტრის ბოლო მონაცემებით, კომპანიაში მფლობელები შეიცვალნენ. რეესტრის ბოლო მონაცემებით, 30%-ს ფლობს ნანა აროშიძე, 35%-ს შპს "სიემსი", 17.5%-ს ბეჟან სამხარაძე, ხოლო 17.5 %-ს ედიშერ მამალაძე.