პანდემიამ შოკოლადის მწარმოებელ Rosali Sambar-ს გაყიდვები დაახლოებით 70%-ით შეუმცირა
პანდემიამ შოკოლადის მწარმოებელ Rosali Sambar-ს გაყიდვები დაახლოებით 70%-ით შეუმცირა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის წარმომადგენელი პაპუნა ძაძამიძემ განუცხადა, კომპანია შოკოლადს მაღალი საფასო სეგმენტისთვის აწარმოებს.
„სამწუხაროდ, დაბალშემოსავლიანი სეგმენტის წარმომადგენლებს ჩვენი შოკოლადის შეძენის საშუალება არ აქვთ. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად HoReCa სექტორი იყო. ასევე კაზინოები, გვქონდა კორპორატიული დაკვეთები. დღეს ყველაფერი გაჩერებულია. რაც შეეხება საცალო გაყიდვებს, ჩვენი პროდუქცია იყიდება „გუდვილსა“ და „ვისკის სახლში“, თუმცა, ფასიდან გამომდინარე მოსახლეობას უჭირს მისი ყიდვა“-აცხადებს ძაძამიძე.
მისი ინფორმაციით, კომპანიას ნედლეული ბელგიიდან შემოაქვს. დღევანდელი მდგომარეობით კომპანია 5-7 სახეობის შოკოლადს აწარმოებს, მათ შორის საბავშვო, სააღდგომო, საახალწლო თემატიკაზე დამზადებული პროდუქცია. გარდა ამისა, რძიანი, შავი, დიაბეტური, თეთრი და თხილიანი შოკოლადი. 1 კილოგრამის ფასი 75 ლარია. როგორც ძაძამიძე აღნიშნავს, Rosali Sambar-ის წარმადობა თვეში 1 ტონაა.
“ჩვენი პროდქუცია ხელნაკეთია. საბოლოოდ კი Rosali Sambar-ი ყუთებში თავსდება და იყიდება. ზოგადად გვაქვს როგორც წონის, ასევე სხვადასხვა ზომისა და ფორმის შოკოლადი,“ - აცხადებს ძაძამიძე.
კომპანიამ ბაზარზე ოპერირება 15 წლის წინ დაიწყო. საწარმოსთან ერთად, კომპანიას ერთი მაღაზია აქვს. სამომავლოდ დაგეგმილია გაფართოებაც.