ბიზნესი
08/10/2020

პანდემიამ ყველაზე ნაკლებად IT მიმართულება დააზარალა - F1

„შეიძლება ითქვას, რომ პანდემიიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული სექტორი IT მიმართულებაა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ IT კომპანია F1-ის დამფუძნებელმა განუცხადა.

გუგა ბარბაქაძის განმარტებით, კრიზისული პერიოდის გადალახვა ბიზნესის ამ მიმართულებამ მომხმარებლებისთვის დისტანციური მხარდაჭერის სერვისების შეთავაზებით შეძლო.

„თუმცა შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეს კრიზისი არ ასახულა ჩვენს საქმიანობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვყავს დამკვეთები სხვადასხვა სექტორიდან. მათ შორისაა განსაკუთრებით ფინანსურად დაზარალებული და თითქმის გაჩერებული ტურისტული ინდუსტრია. ასევე სხვა სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც საბრუნავი კაპიტალი მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. მათი ფინანსური დანაკლისები, ბუნებრივია, აისახა ჩვენზე. შესაბამისად, ჩვენც ვერიდებით გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებას და ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ის კადრები რომლებიც გვყავს. არ შევამციროთ სახელფასო განაკვეთები, და მოვახერხოთ, რომ ამ პერიოდს გავუძლოთ დანაკარგების გარეშე,“ - აღნიშნა F1-ის დამფუძნებელმა.